ახალი ამბები

სექსუალური ძალადობა – როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ ბავშვი

20 მარტი, 2019 • 4257
სექსუალური ძალადობა – როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ ბავშვი

რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის, განსაკუთრებით ბავშვებში? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური ბოლო დროს გახდა – მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულმა სკანდალურმა დოკუმენტურმა ფილმმა უამრავი ადამიანი შეძრა მსოფლიოში და დააფიქრა ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის მასშტაბებზე.

ბავშვებზე სექსუალური ხასიათის ძალადობა იშვიათი შემთხვევა არ არის, აცხადებს იუნისეფი. გაეროს ბავშვთა ფონდის 2014 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 20 წლამდე ასაკის ყოველი ათი გოგოდან ერთი [ჯამში, 120 მილიონი] ამბობს, რომ  ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა გაუპატიურების ან სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. იუნისეფი წერს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ბიჭებიც არიან, თუმცა რისკი ამ შემთხვევაში სამჯერ ნაკლებია.

30 ქვეყნის მონაცემების შეჯამების შედეგად, გაეროს ბავშვთა ფონდი ასკვნის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხოლოდ 1%-მა მიმართა პროფესიულ დახმარებას.

“როდესაც საქმე ბავშვებზე ძალადობას ეხება, გადამწყვეტ როლს, როგორც წესი, მშობლები თამაშობენ”, –  წერს იუნისეფი და დასძენს – “თუმცა ბავშვები, როგორც წესი, დაბნეულობის, შიშისა თუ მშობლების მიმართ უნდობლობის გამო ვერ და არ ამბობენ, რომ მათ მსგავსი გამოცდილება აქვთ”.

რა არის სექსუალური ძალადობა

იუნისეფის განმარტებით, ბავშვზე სექსუალური ძალადობა ისეთ დანაშაულს გულისხმობს, როდესაც ბავშვი გაუაზრებლად ან/და თანხმობის გარეშე,  სხვისი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებისთვის იძულებით არის ჩართული ამა თუ იმ ქმედებაში.

ეს ცნება გულისხმობს  გენეტალიებზე შეხებას, შევიწროებას, გაუპატიურებას და ბავშვის ცდუნებას, გაეცნოს სექსუალური ან ეროტიკული შინაარსის მქონე მასალას.

გარდა ამისა, ქმედება სექსუალური ძალადობაა, როდესაც ბავშვს აიძულებენ, პროსტიტუციაში ჩაებას, ან მათი სხეულის სექსუალური ელფერის ფოტო/ვიდეოს უღებენ ან/და ავრცელებენ.

ბავშვზე სექსუალურად შეიძლება იძალადოს როგორც ზრდასრულმა, ისე სხვა არასრუწლოვანმაც, რომელსაც ბავშვი ენდობა ან რომელიც რაიმე სახის ძალაუფლებას ფლობს მასზე.

იუნისეფი მშობლებს აფრთხილებს, რომ მოძალადემ შესაძლოა ხშირად  მოისყიდოს ბავშვი, შეაშინოს ან მოატყოს იმისთვის, რომ შემდეგ მასზე იძალადოს.

როგორ ამოვიცნოთ, იყო თუ არა ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი

“ერთი კონკრეტული ნიშანი სექსუალური ძალადობის ამოცნობის არ არსებობს, ამიტომაც არის, რომ ამ სახის ძალადობის ამოცნობა ბავშვებში ძალიან რთულია,” – ამბობს ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ სექსუალური ძალადობა მრავალნაირია და არ შემოიფარგლება მხოლოდ გაუპატიურებით ან გაუპატიურების მცდელობით.

მართალია,  ერთი კონკრეტული და უნივერსალური სიმპტომი არ არსებობს, მაგრამ  ბავშვი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ხშირად იძლევა რიგ საფრთხილო და საყურადღებო სიგნალებს, ამბობს ფსიქოლოგი:

“საფრთხილო სიგნალები შეიძლება იყოს, მაგალითად, ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა სექსის საკითხებზე, ასაკთან შეუთავსებელი და გადამეტებული დაინტერესება სექსუალური თემების მიმართ, გამომწვევი სექსუალური ქცევები, ბავშვის ზოგადი ქცევის მოულოდნელი ცვლილება – მაგალითად, თუ ბავშვი აქამდე გახსნილი და მხიარული იყო, უცბად კი ჩაიკეტა.

ასევე საფრთხილო ნიშანია, როდესაც ბავშვს უეცრად ეშინია სიბნელის, გარეთ გასვლის, მარტო ძილის, ან ზურგზე წოლის. როდესაც ბავშვს უვითარდება იზოლირებულად ყოფნის სურვილი,  უცხო ან რაღაც კატეგორიის, რაღაც ტიპის ადამიანების შიში, რომელიც აქამდე მას არ ჰქონია, ” – დასძენს ფსიქოლოგი.

ქეთი თავართქილაძე გვიყვება, რომ ბავშვი პირდაპირ ძალიან იშვიათად ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა გარკვეულ ნიშნებს მაინც იძლევა.

“ერთ შემთხვევას მოგიყვებით.  ერთ-ერთი მშობელი ბავშვს მეზობელ მოხუც ცოლ-ქმართან ტოვებდა იმიტომ, რომ თვითონ მუშაობდა და, შესაბამისად, ბავშვის სხვაგან დატოვება უწევდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ მშობელს ამ კონკრეტულ ადამიანებთან დაეტოვებინა. ის ამბობდა, რომ მეზობლები ეთამაშებოდნენ და ეს თამაში მას არ მოსწონდა.

დედამ ბავშვის ეს პროტესტი ჭირვეულობად ჩათვალა და აუხსნა, რომ მას სხვა დასატოვებელი ადგილი არ ჰქონდა. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები ბავშვს ინტიმურ ადგილებზე ეხებოდნენ და ამ ყველაფერს “ექიმობანას” თამაშად ასაღებდნენ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ თუ ბავშვი რაღაცას აპროტესტებს კატეგორიულად, მშობლებმა ყურადღება მას აუცილებლად და ნებისმიერ შემთხვევაში მიაქციონ. ბავშვი არასდროს ამბობს პირდაპირ, სწორედ ამიტომ არის ძნელი ამის გამოცნობა, მაგრამ ის იძლევა რაღაც ნიშნებს”. 


ქეთი თავართქილაძე ამბობს, რომ თუკი ბავშვსა და მშობელს ერთმანეთთან კარგი ემოციური კავშირი აქვთ და ბავშვმა მას თავისი გამოცდილების შესახებ მოუყვა, ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა რეაქცია აქვს  თავად მშობელს.

“მშობელმა არ უნდა დაუწყოს დეტალური გამოკითხვა, არ უნდა უსაყვედუროს, “რატომ არ მითხარი აქამდე, რატომ არ გაიქეცი” და ა.შ. საერთოდ, კითხვა “რატომ” არ უნდა დასვას.

ამ დროს მშობელმა რაც უნდა გააკეთოს, არის, რომ გაამხნევოს ბავშვი, მადლობა გადაუხადოს ნდობისთვის და მოაყოლოს ბავშვს თავისი ისტორია. სასურველია, რომ მან იმთავითვე მიმართოს სპეციალისტს, ფსიქოლოგს. შემდეგ კი, თუ შემთხვევა ძალიან მძიმეა, ფსიქოლოგი თავად მიმართავს სოცმუშაკს ან/და პოლიციას,” – გვიყვება ფსიქოლოგი.

იუნისეფის რჩევები

იუნისეფის მიხედვით  ბავშვზე სექსუალური ძალადობის ყველაზე ნათელი სიმპტომი სექსუალურად გადამდები დაავადებები ან გოგონების დაორსულებაა.

რაც შეეხება ემოციურ მხარეს, ამგვარი გამოცდილების მქონე ბავშვებს დროთა განმავლობაში უვითარდებათ უიმედობის, აპათიის განცდა და დეპრესია. ისინი ხშირად იდანაშაულებენ საკუთარ თავს და  თვითდაზიანებისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილი, ასევე  დაბალი თვითშეფასება აქვთ. 

იშნები და სიმპტომები


გაეროს ბავშვთა ფონდი განმარტავს, რომ ხშირად მოძალადეები ბავშვის სხეულზე ფიზიკური ნიშნების დატოვებას ერიდებიან, ვინაიდან, როგორც წესი, მათ დანაშაულის გამეორება უნდათ.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია ასახელებს ბავშვის ისეთ ფიზიკურ თუ ქცევით ცვლილებებს, რომლებიც, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის/შევიწროების მსხვერპლი იყო.

ფიზიკური ნიშნები:

  • თუ ბავშვს დახეული, დალაქავებული ან/და დასისხლიანებული საცვალი აღმოუჩინეთ;
  • თუ ბავშვს უეცრად უჭირს სიარული ან ჯდომა;
  • თუ ბავშვის გენიტალიები გაწითლებულია, სისხლი სდის ან ქავილს იწვევს;
  • თუ ბავშვს ხშირად აღენიშნება საშარდე მილის ინფექცია ან/და ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • თუ ბავშვის მკვეთრად შეეცვალა მადა და წონა (უცაბედი მატება ან კლება წონაში).


ქცევითი ან ემოციური ნიშნები

  • თუ ბავშვი უფრო მშიშარა და უფრო ემოციურად დამოკიდებული გახდა;
  • თუ ისეთ ქმედებებს ახორციელებს, რომლიდანაც უნდა გაზრდილიყო და რომელიც მცირე ასაკის ბავშვებს/ჩვილებს ახასიათებს (მაგ. თითის წოვა; ლოგინში მოშარდვა; გაურკვევლად საუბარი);
  • თუ ბავშვს ეშინია რომელიმე სქესის ზრდასრულების;
  • თუ ბავშვს ეშინია სიახლოვისა ან ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის;
  • თუ ბავშვს უეცრად უნდა მარტო ყოფნა და უარს აცხადებს ვინმესთან ერთად გარეთ გასვლაზე;
  • თუ ბავშვის ხასიათი მკვეთრად იცვლება;
  • თუ ბავშვს აღენიშნება დეპრესია ან შფოთვები;
  • თუ ბავშვი ისეთ სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ ცოდნას ავლენს, რომელიც მისი ასაკისთვის დამახასიათებელი არ არის;
  • თუ ბავშვი ისეთ სექსუალურ ქცევას განახორციელებს, რომელიც მისი ასაკისთვის დამახასიათებელი არ არის და მიუღებელია;
  • თუ ბავშვი იქცევა გამომწვევად;
  • თუ ბავშვი ცდილობს გაიქცეს;
  • თუ ბავშვს აღენიშნება სუიციდური ქცევა;

პრევენცია

ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადობისგან ბავშვების დაცვაში უმთავრეს როლს პრევენცია თამაშობს. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მშობლებმა ბავშვებთან ამ საკითხებზე პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყონ საუბარი და აუხსნან, რომ გარე სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მათთვის ზიანის მიყენება უნდათ.

“ბავშვებს თამაშით უნდა ავუხსნათ, დაახლოებით ასე –  ამქვეყნად არის ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომელსაც ბავშვებისთვის კარგი უნდა, მაგრამ არის ზოგიერთი ცუდი ადამიანი, რომლებიც ბავშვებს ექცევიან ცუდად, აიძულებენ რაღაცების კეთებას და მათი გარჩევა შენს ასაკში რთულია, ამიტომ, სანამ მიხვდები, მოდი, ეს წესები დაიცავი,” – განმარტავს ფსიქოლოგი.

ქეთი თავართქილაძე საუბარში გვიყვება, რომ არის რამდენიმე ძირითადი წესი, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბავშვებს პატარობიდან ვასწავლით. ასეთ რჩევებში ფსიქოლოგი ასახელებს მათ შორის იმასაც, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ უცხო ხალხს საჩუქრები არ გამოართვან, სანამ მშობლებს ამის შესახებ არ შეატყობინებენ.

ამის მიზეზად ქეთი თავართქილაძე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მოძალადეების დიდი ნაწილი ცდილობს ბავშვები საჩუქრებით მოისყიდოს.

“ბავშვებს ასევე უნდა ვასწავლოთ, რომ მაგალითად, თუ ვინმე მათ სასქესო ორგანოზე ხელს მოჰკიდებს, ბავშვმა უარის თქმა და ადგილის დატოვება უნდა იცოდეს. მოძალადეები, როგორც წესი, ძალიან მშიშრები არიან და ერთი “არა” მათთვის საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებს თავი დაანებონ. ეს ასეა, თუ საქმე არ გვაქვს მანიაკთან, ან სხვა მსგავსი სახის ფისიქიკური გადახრის ადამიანთან, ასეთის რიცხვი კი ცოტაა,”

გარდა ზემოხსენებულისა, ქეთი თავართქილაძე ურჩევს მშობლებს, თავიდანვე ასწავლონ ბავშვებს, რომ არსებობს “კარგი და ცუდი საიდუმლო” – მაგალითად, კარგი საიდუმლოა, თუ ერთი მშობელი მეორეს საჩუქარს ყიდულობს და სთხოვს ბავშვს ეს ამბავი არ გაამხილოს. ცუდი საიდუმლო კი ისეთი საიდუმლოა, როდესაც, მაგალითად, ვინმე ბავშვს ეხება და სთხოვს მას, ამის შესახებ მშობლებს არ უთხრას.

“მოძალადეები ხშირად ეუბნებიან ბავშვს, რომ ის, რასაც ერთად აკეთებენ, საიდუმლოა და, შესაბამისად, არავის არ უნდა უთხრას. ჩვენ კი ბავშვებს საპირისპირო უნდა ვასწავლოთ – ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ მსგავსი რამ საიდუმლო არ არის და მშობელს ამის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრან. ამასთანავე, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ გარეთ ქცევისა და უსაფრთხოების წესები. მაგალითად, ის, რომ ლიფტში არ შევიდეს მაშინ, თუ იქ უცხო ადამიანი დგას, ვუთხრათ, რომ დაელოდოს სხვას .. ამგვარ საუბრებს, ყოველთვის უნდა ახლდეს თან ისეთი სიტყვები, როგორიცაა “ჩვენ ამას იმიტომ ვსწავლობთ, რომ აი, ზუსტად იმ ცუდი ადამიანებისგან დავიცვათ თავი და არ აგვერიოს ისინი კარგ ადამიანებში”, – დასძენს ქეთი თავართქილაძე.

ფსიქოლოგი ასევე ურჩევს მშობლებს, თავიდანვე ასწავლონ ბავშვებს, რომ არსებობს “ცუდი და კარგი შეხება” და ინტერნეტში თავისი ნამდვილი მონაცემის არგამხელა უნდა ვასწავლოთ. მისივე თქმით, ბავშვის ზრდის მიხედვით, ამ საუბრებს უფრო სერიოზული ხასიათი უნდა მიეცეს.

“თუ მშობელს, დავუშვათ, ამ ყველაფრის თავისი ენით გადმოცემა არ შეუძლია, არ იცით, როგორ ითამაშოს და გაითამაშოს ეს წესები ისე, რომ ბავშვი არ დაზაფროს, მიმართოს სპეციალისტს, რომელიც მას დაარიგებს. გარდა ამისა, დღესდღეობით ძალიან ბევრი რესურსი არსებობს, მათ შორის ინტერნეტშიც, იქნება ეს წიგნები თუ ბუკლეტები, რომელიც მას ბავშვთან ამ თემებზე საუბარს უკეთ ასწავლის. 

მთავარია გვახსოვდეს, რომ მშობლის რეაქციაზე დამოკიდებულია ის, თუ რამდენად იქნება ტრავმირებული ბავშვი ამ გამოცდილებით. თუ ასეთი რამ მოხდა და მშობელმა ამის შესახებ გაიგო, მან ბავშვის წინ არ უნდა შეიცხადოს და არ უნდა დატუქსოს, დაადანაშაულოს ბავშვი.

თუმცა, ამავდროულად, საკადრისი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. თუ ბავშვმა მშობელს ასეთი რამ გაანდო, უნდა აგრძნობინოს, რომ მშობელს მისი ესმის, გადაუხადოს მადლობა ნდობისთვის და იმოქმედოს ნაბიჯ-ნაბიჯ,”- ამბობს ქეთი თავართქილაძე.

რაც შეეხება სქესობრივ განათლებას, ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვის სწავლებისა და განვითარების აუციელებელი ნაწილია, რომ ჩვენ მას მისი სხეულის შესახებ ვასწავლოთ.

“როდესაც ვამბობთ “სექსუალური განათლება” ან “სქესობრივი აღზრდა”, ბევრს ისე ესმის, თითქოს ჩვენ ბავშვებს ვასწავლით სექსს. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და მცდარი შეხედულება.

სქესობრივი აღზრდის ნაწილია მათ შორის ისიც, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, რა ჰქვია ადამიანის სხეულების ნაწილებს. ბევრ ქვეყნებში პატარა ბავშვებმა საბავშვო ბაღის ასაკიდან იცის სამედიცინო ტერმინოლოგიით, თუ რა ჰქვია ამ ორგანოებს, ისევე როგორც ის, თუ რა ჰქვია ცხვირს, ან ყურს, ან ლოყას და ა.შ.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ხშირად მოძალადე სხეულის ამ ნაწილებს სხვა სახელს არქმევს და მე მომისმენია ძალიან ბევრი სახელი, რომელსაც ბავშვი ამ ორგანოებს ეძახის, მაგალითად: ჩიტი, მატარებელი, გვირაბი და ა.შ. ამიტომ, ბავშვმა ეს სახელები იმიტომაც უნდა იცოდეს, რომ თუ რამე მოხდა, სათქმელადაც გაუადვილდეს… ჩემი აზრით, ეს ცოდნა საჭიროა,” – ამბობს ქეთი თავართქილაძე. 

რაც შეეხება ასაკს, თუ როდიდან შეიძლება მსგავსი ცოდნის ბავშვისთვის მიწოდება, ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვს მისი სხეული უკვე აინტერესებს, დაწყებული “მე საიდან გავჩნდი” კითხვებიდან, ბავშვი უკვე მზად არის, რომ გარკვეული ინფორმაცია მცირე დოზით მიიღოს.

ქეთი თავართქილაძე ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ბავშვისთვის მთლიანი სქესობრივი აქტის აღწერას, თუმცა ისეთი საკითხები, როგორიცაა პირადი ჰიგიენა და სხეულის ნაწილები, საჭიროა, რომ ბავშვმა პატარობიდან და ასაკის შესაფერისი ცოდნის მიხედვით იცოდეს. ფსიქოლოგი დასძენს, რომ სწორი ინფორმაციის მიწოდება ბავშვის ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთი გზაა.

“რაც შეეხება ამ გამოცდილებასთან გამკლავებას, როგორც წესი, ასეთი ტრავმა გამოირჩევა სიძლიერით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტიპის სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი… ამიტომ ტრავმის გადამუშავებას მეტი დრო სჭირდება, თუმცა დროული ჩარევით ამ გამოცდილებასთან გამკლავება 100%-ით შესაძლებელია.

არავინ ამბობს, რომ ბავშვი ამ ამბავს დაივიწყებს, მაგრამ ბავშვი ამ გამოცდილებასთან ერთად ცხოვრების ჯანსაღად გაგრძელებას შეძლებს.

ხშირად მშობლები ამბობენ, რომ აი, გადავრჩით, რაკიღა გაუპატიურება არ ყოფილა. თუმცა ეს ასე არ არის. ტრავმა ბავშვს მიღებული აქვს, რომელიც წლების მერე ტრანსფორმირებულად იჩენს თავს.  მაგალითად, ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს ურთიერთობა სხვებთან, გულჩახვეული იყოს, ჰქონდეს შიში, გაჰყვეს შფოთვა და დანაშაულის გრძნობა. დროული ჩარევა ამ ყველაფერს მას თავიდან ააცილებს,” – ამბობს ფსიქოლოგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი