ჩემს შუამავლობაზე ლაპარაკი სრული არასერიოზულობაა – ბადრი ჯაფარიძე

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე უარყოფს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის იყო შუამავალი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის.

“ჩემს შუამავლობაზე ლაპარაკი სრული არასერიოზულობაა,”-უთხრა ჟურნალისტებს ჯაფაიძემ.

9 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადამიანი, ვინც თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს გადასცა შესაძლო მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, არის ბიზნესმენი, თიბისის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე, რუსთავი2-ის ცნობითვე, მინისტრი გახარიას მეზობელია. რუსთავი2 აცხადებს, რომ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ წინა დღეს გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას შუამავლის ხელით, ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”.

ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ 6 მარტს ტვ პირველის ეთერში განმარტა, რომ ხაზარაძემ შუამავალი იმიტომ არ დაასახელა, რომ ეს მასთან არ შეუთანხმებია:

“შუამავლის დასახელება არ მოხდა მარტივი მიზეზის გამო, ეს მასთან არ არის შეთანხმებული და მისი ინტერესებიდან გამომდინარე [არ სახელდება]. დღევანდელი ქმედების შემდეგ, როცა საქმე არ გრძელდება… მე თქვენ ჩამოგითვალეთ 7-8 ადამინი, რომელსაც ამ საქმეზე შეიძლება რამე ეთქვა, არ იქნა გამოკითხული. რატომ უნდა ჰქონდეს მამუკა ხაზარაძეს განცდა, რომ შუამავალი რომ გამოიკითხება, ამით რაიმე დამოკიდებულება შეიცლვება?! ჰქონდა პროკურატურას სამუშაო და ეს არ გააკეთა”.

თუმცა შემდეგ კორძაძემ დასძინა: “შუამავლის დასახელება, იდეაში, შუამავლის გადასაწვეტია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს და რაღაც ეტაპზე დასახელდეს და თქვას კიდევაც”.

გიორგი გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს და ხაზარაძის განცხადებას “ჭორაობას” უწოდებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.