ახალი ამბები

ჩეჩნეთში აქტივისტ ოიუბ ტიტიევს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

19 მარტი, 2019 • 1525
ჩეჩნეთში აქტივისტ ოიუბ ტიტიევს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩეჩნეთში ქალაქ შალის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ვეტერან აქტივისტს, ოიუბ ტიტიევს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სასჯელაღსრულების კოლონიაში გაამწესა. ტიტიევი და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბრალდებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

61 წლის ტიტიევი, რომელიც რუსული უფლებამცველი ორგანიზაცია მემორიალის ჩეჩნეთის ბიუროს ხელმძღვანელია, 2018 წლის იანვარში დააკავეს მარიხუანის ფლობის ბრალდებით.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებდა, რომ ტიტიევის მანქანაში 180 გრამამდე კანაფი აღმოაჩინა, თუმცა ტიტიევი უარყოფდა ბრალდებას და ამბობდა, რომ ხელისუფლება ყალბ ბრალდებას უყენებდა. “მემორიალის” თანამშრომლები, რომლებიც ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა ქალაქში საქმიანობენ, სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზე, დაშინებასა და ძალადობაზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა: “აღშფოთებული ვარ შალის სასამართლოს გადაწყვეტილებით… მარიხუანის ფლობასთან დაკავშირებული ბრალდება თავიდანვე არ იყო სარწმუნო… მისთვის მსჯავრის დადება იმ მავნე და სახიფათო გარემოს მაგალითია, რომელშიც ადამიანის უფლებათა დამცველებს უწევთ მუშაობა”.

ორგანიზაცია მემორიალის თანახმად, ნარკოტიკების ჩადება ნაცადი ხერხია, რასაც ხელისუფლება ანტისახელისუფლებო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს.

ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი, გამოცემა kavkaz-uzel-ის კორესპონდენტი, 2016 წლის სექტემბერში ამავე — ნარკოტიკების ფლობის — ბრალდებით დააკავეს. ისიც უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. მოგვიანებით მემორიალმა გერიევს პოლიტიკური პატიმარი უწოდა.

კიდევ ერთი საჯარო ფიგურა ჩეჩნეთში, რუსლან კუტაევი 2014 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის წლისთავზე მრგვალი მაგიდა მოაწყო. 1944 წელს ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე. გადასახლებისას უამრავი ადამიანი დაიღუპა, სხვებს კი უკიდურესად გაუსაძლის პირობებში უწევდათ გადარჩენა. ამ საკითხზე დებატები წლებია აკრძალულია რუსეთში, განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. კუტაევსაც, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ნარკოდანაშაულში სდებდნენ ბრალს.

გარეკანის ფოტოზე: ოიუბ ტიტიევი. ფოტო: რადიო თავისუფლების ჩრდ. კავკასიური სამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი