ახალი ამბები

რას ამბობს ქობულია დსთ-ში ექსპორტის ზრდასა და EU-ში შემცირებაზე

19 მარტი, 2019 • 801
რას ამბობს ქობულია დსთ-ში ექსპორტის ზრდასა და EU-ში შემცირებაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პრობლემას ვერ ხედავს იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის იანვარ-თებერვალის მთლიან ექსპორტში დსთ-ის წილი 50%-ზე მეტია.

მისი თქმით, ამ გართიანების ქვეყნებში საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან წარმოდგენილი.

“ექსპორტის ზრდა დსთ-ის ქვეყნებში პრობლემად არ მიმაჩნია. ეს ქვეყნები ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან. თან- ერთ-ერთი ყველაზე დიდი. დსთ-ის ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, რადგან ისინი ჩვენი მეზობლები არიან და უნდა გამოვიყენოთ მათი ბაზრების პოტენციალი. აქ ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე არ არის. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც არიან ყაზახეთი და ა. შ. ეს არის საკმაოდ დიდი და მზარდი ბაზარი, რომელიც კიდევ და კიდევ მეტ მოთხოვნას შექმნის ქართულ პროდუქციაზე”,-აცხადებს ქობულია.

ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ აფასებს ევროკავშირთან ექსპორტის დაახლოებით 10%-იან შემცირებას, ქობულია პასუხობს, რომ ეს დროებითი “ჩავარდნაა” და 2018 წლის 12 თვეში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან გაიზარდა. მინისტრის მტკიცებით, სამინისტრო გეგმავს კლასტერების შექმნას, რაც ქართულ კომპანიებს ევროპელ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.

“ჩვენ ველოდებით, რომ 2019 წელსაც ევროკავშირის მიმართულებით ზრდა იქნება. ერთი თვის მაჩვენებელი რაიმე ტენდენციის დამამტკიცებელი ვერ იქნება. ვნახოთ, რა მოხდება პირველ კვარტალში. ჩვენ გვაქვს პრობლემები ევროკავშირთან ვაჭრობის მიმართულებით. ერთ-ერთია ტრანსპორტირება. საქართველოდან ევროპის ქვეყნებში საქონლის გატანა საკმაოდ ძვირია. ამასთან, ჯერჯერობით ჩვენს კომპანიებს არ აქვთ შესრულებული ის მოთხოვნები მათ მიერ წარმოებული საქონლის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიყენებს. ამ მოთხოვნებს ნელ-ნელა ვასრულებთ”,-ამბობს ქობულია.

დღეს საქსტატმა საგარეო ვაჭრობის თებერვლი-იანვრის თვის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. 2019 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირთან ექსპორტი 10.7%-ით შემცირდა და დაახლოებით 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ორ თვეში დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 45.7%-ით გაიზარდა და თითქმის 255 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გაზრდილია დსთ-ის როლი მთლიან ექსპორტში და ის 50.4%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი