ახალი ამბები

ბობოხიძე: სესიაშვილის კანონპროექტი მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფაა [ვიდეო]

19 მარტი, 2019 • 2106
ბობოხიძე: სესიაშვილის კანონპროექტი მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფაა [ვიდეო]

ევროპული საქართველოს დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ირაკლი სესიაშვილის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლები შეძლებენ, საფუძველი ეყრება რელიგიური ნიშნით განსხვავებებს, რაც ქართულ კანონმდებლობაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

“მთელი ისტორია ვსწავლობდით, როგორ იბრძოდნენ მართლმადიდებელი მღვდლები სამოქალაქო პირებთან ერთად და დღეს რას გვეუბნებით, რომ ყველა რელიგიისთვის სავალდებულოა ქვეყნის დაცვა, ერთადერთი, ვისთვისაც ეს სავალდებულო არაა – მართლმადიდებელი ეკლესიაა. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფაა”, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს.

აკაკი ბობოხიძის თქმით, გარდა ამისა, ეს კანონპროექტი არის თაღლითობა, რადგან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი კვლავ შეძლებს თავის დაღწევას, ხოლო დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები- ვერა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი პროფესიულ ჯარზე გადასვლას ემხრობა, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე საღი და ბრძოლისუნარიანი არმიის ფორმაა.

ევროპული საქართველოს წევრი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტმა რელიგიურ ექტრემიზმს დაუდოს საფუძველი. დეპუტატს იმედი აქვს, რომ ქართული ეკლესია თვითონ დააფიქსირებს ამ პოზიციას, თუკი ისინი მართლა ფიქრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

თუმცა საქართველოს საპატრიარქომ უკვე გააკეთა დღეს განცხადება და მხარი დაუჭირა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტს, რომლითაც მართლმადიდებელი მღვდლები თავს დაიძვრენენ სავალდებულო სამხადრო სამსახურისგან. საპატრიარქო ითხოვს “ფსევდორელიგიური” სასულიერო პირების ჯარიდან გათავისუფლების შეზღუდვას.

ამბის გაგრძელება:

სესიაშვილი “კეთილსინდისიერ” რელიგიურ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი