რუსეთში აფხაზეთისა და ოსეთის “ელჩები” კირილის მიერ ჩატარებულ ლიტურგიას ესწრებოდნენ

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა 17 მარტს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით ლიტურგია ჩაატარა.

რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პატრიარქის თანამწირველებს შორის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.

წირვას რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიც ესწრებოდა.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს საიტი იუწყება, ღვთისმსახურებას ასევე “ტრადიციულად დაესწრნენ რიგი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები”, მათ შორის, აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბა  და სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ზნაურ გასიევი.

 

ფოტო: რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური საიტიდან


აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ცნობს, თუმცა ინტენსიური ურთიერთობები აქვს როგორც აღნიშნული რეგიონების სასულიერო, ისე საერო “ხელისუფლებების” წარმომადგენლებთან.

ამასთან, რუსეთის საპატრიარქო ტრადიციულად სრული სტატუსით არ მოიხსენიებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც. ამავდროულად, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი