საიადან რაღაცას თუ მოვახვედრებდით აშშ-ის ანგარიშში, ძალიან გვიხაროდა – ჩუგოშვილი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არ ხვდებოდა არაერთი სისტემური დანაშაული . ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, წლევანდელი ანგარიშის განხილვისას ისაუბრა.

ჩუგოშვილმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მუშაობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს ქვეყანაში არსებული “უკიდურესად შეზღუდული სივრცეების” ფონზე აშშ-მდე ბევრი რამ ვერ აღწევდა.

“მაშინ როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები, სადაც შეიძლებოდა, ამ პრობლემებზე ლაპარაკი, იყო უკიდურესად შეზღუდული… ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი, ამაზე ჩურჩულებდნენ ადამიანები და ყურში ეუბნებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ პლატფორმა იმისთვის, რომ მედიას ამაზე ელაპარაკა, განხილვები ყოფილიყო მძიმე სისტემურ დანაშაულებზე, საუბარი ქვეყანაში არ იყო… შესაბამისად, ბევრი რამ, ძალიან ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. იმიტომ ვამბობ, რომ მაგალითად, საიადან რაღაცას თუ მოვახვედრებდით და ყურადღებას მიაქცევდნენ, ძალიან გვიხაროდა. ეს ნიშნავდა, რომ ცოტა ყურადღება მაინც მივიქციეთ”, – აღნიშნა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეები; ასევე, საუბარია სასამართლოზე ზეწოლაზე, პლურალიზმის შემცირებაზე, ელიტურ კორუფციაზე და სხვა.

ანგარიშის შეფასებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კრიტიკული დოკუმენტი წარმოადგენს არა აშშ-ის შეფასებას საქართველოსადმი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მიღებული შეფასებების კომპილაციას.


შენიშვნა: თავდაპირველი სათაური იყო “ბევრი სისტემური დანაშაული ენმ-ის დროს აშშ-ის ანგარიშებში ასახული არ იყო – ჩუგოშვილი”, რომელიც ამჟამად შეცვლილია, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება მკითხველს აღექვა, თითქოს აშშ-ს სპეციალურად არ შეჰქონდა ანგარიშში სრული სურათი საქართველოს შესახებ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან