რუსეთში ინტერნეტით “სახელმწიფოს შეურაცხყოფა” დაისჯება – პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

სასჯელი რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა მიერ გავრცელებულ მასალასაც სახელმწიფო ორგანოები “ყალბ ამბებად” შეაფასებენ და მათთვის, ვინც “აშკარად შეურაცხყოფს” სახელმწიფოს ონლაინ სივრცეში – ასეთია კანონის მთავარი პრინციპი, რომელსაც Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 18 მარტს მოაწერა ხელი.

კანონი ნებას რთავს სახელმწიფოს, დაბლოკოს საიტები, რომლებიც ახალ ნორმებთან შეუსაბამობაში მოვა და კონკრეტულ მასალას არ წაშლიან მოთხოვნის საპასუხოდ.

ამავე კანონის თანახმად, 400 000 რუბლით დაჯარიმდება ის პირი, ვინც ონლაინ სივრცეში ისეთ “ყალბ ინფორმაციას” გაავრცელებს, რომელიც ხელს შეუწყობს “საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივ დარღვევას”.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც “აშკარად შეურაცხყოფენ” სახელმწიფოს, რუსეთის დროშას ან კონსტიტუციას: კანონი მათ მიმართ 100 000-რუბლიან ჯარიმას ითვალისწინებს. ქმედების გამეორების შემთხვევაში, პირს 15-დღიანი პატიმრობა დაემუქრება.

საზოგადოების ნაწილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები საბჭოთა პერიოდის აღდგენაა, როცა რეჟიმი კანონმდებლობას იყენებდა დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.  ალექსანდრ ვერხოვსკი, რომელიც ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას იკვლევს, რუსეთის დუმის მიერ კანონის ინიცირების შემდეგ The Guardian-თან ამბობდა, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ადამიანების სამართლებრივი დევნა დაიწყება ინტერნეტში კომენტარების გამო, მაგალითად: “პუტინი ნაბიჭვარია”, ან პარლამენტზე ხუმრობის გამო.

“მალე ხალხი ხელისუფლებაზე ხუმრობების თქმას სამზარეულოში, ისიც ჩურჩულით თუ გაბედავს”,- წერდა რუსი იურისტი სერგეი შხვაკინი. კანონპროექტის ავტორი რუსეთის მმართველი პარტიის, Единая Россия-ს წევრი ანდრეი კლიშასია. დუმის მიერ მიღებულ კანონს ძალაში შესასვლელად პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერაღა აკლია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან