მშენებლობაზე, სადაც 2 მუშა დაიღუპა, სამუშაოები მხოლოდ სიმაღლეზე შეაჩერეს

მშენებლობაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ორი მუშა ემსხვერპლა, მხოლოდ საფასადე სამუშაოები შეაჩერეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს როგორც მშენებარე კორპუსების მფლობელ კომპანიაში, ისე – შრომის სამინისტროში. იქ ამჟამად ისევ მიმდინარეობს სამუშაოები მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ 17 მარტს გაავრცელა განაცხადება, რომლის მიხედვითაც, “შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი”.

16 მარტს თბილისში, ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მესამის მდგომარეობა კი მძიმეა.

სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ ობიექტზე დაფიქსირდა დასაქმებულთა სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობსითვის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შრომის დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა. განცხადებაში არ იყო მითითებული, რომ ეს მხოლოდ ფასადურ სამუშაოებს ეხებოდა.

“დარღვეული იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, სამუშაო აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები და არ ხდებოდა საფრთხის შეფასებაზე დაფუძნებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა, რაც ჩვენი მხრიდან შეფასებული იქნა უარყოფითად და მივიღეთ [ამ კონკრეტული სამუშაოს] შეჩერების გადაწყვეტილება”, – განუცხადა 18 მარტს ნეტგაზეთს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

ფერაძის თანახმად, შაბათს მხოლოდ ის კონკრეტული მონაკვეთი შეისწავლეს, სადაც “უბედური შემთხვევა მოხდა. დღეს დილიდან ინსპექტირების ჯგუფი დანარჩენ ობიექტებს სწავლობს”. აღნიშნულ მისამართზე ერთი და იგივე კომპანია, “მონოლით ჯგუფი”, რამდენიმე კორპუსს აშენებს.

ნეტგაზეთის ინფორმაციაზე, რომ 18 მარტს ობიექტზე მაინც იმყოფებოდნენ მუშები და იქ სხვადასხვა საქმიანობას მიმდინარეობდა, ფერაძემ განაცხადა:

“ეზოში არ არსებობს ის [ჯანმრთელობის დაზიანების] საფრთხე. იქ იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოები, რაც ხარვეზად ჩავთვალეთ და შევაჩერეთ ის სამუშაოები, რომლებიც 2 მეტრის ზემოთ უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, ჩვენი ინსპექტორები მთელი დღის განმავლობაში იქ იმყოფებიან”, – განაცხადა ფერაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, კომპანიას უკვე გაყიდული აქვს რამდენიმე მშენებარე ბინა და მათ მესაკუთრეები ამჟამად თავად არემონტებენ.

“ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ”, — აცხადებს იგი.

ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019

ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019

ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com