ახალი ამბები

“ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს” – ნაცვლიშვილი ზარდიაშვილის ბრალდებებზე

18 მარტი, 2019 • 1456
“ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს” – ნაცვლიშვილი ზარდიაშვილის ბრალდებებზე

დღეს, 18 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე,”ქართული ოცნების” წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ NGO-ებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა იმიტომ არ უნდათ, რომ უზენაეს სასამართლოში ანა ნაცვლიშვილის დანიშვნა სურთ.

ზარდიაშვილი საუბრობს იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან და რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება დასჭირდება.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, ოლიკო შერმადინის თქმით, ზარდიაშვილი უმრავლესობის კანონპროექტს ემხრობა იმიტომ, რომ ის სასამართლო სისტემაში უკვე მყოფ პირებს  მეტ შანსს აძლევს. მისი თქმით, ზარდიაშვილი იმ სასამართლო სისტემას ლობირებს, რომელიც დიდ კრიზისშია.

ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ NGO-ები ამ კანონპროექტს იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ უზენაესში ანა ნაცვლიშვილის დანიშვნა უნდათ.

“პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ასე ხდებოდა დანიშვნა [გამოცდის გარეშე], პრეტენზია არავის ჰქონია, პრეზიდენტ შევარდნაძის დროსაც ასე ხდებოდა დანიშვნა და მაშინაც არავის პრობლემა არ ჰქონია, პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ასე ინიშნებოდნენ უზენაესში მოსამართლეები. მაგრამ, არცერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღიათ, ეს პროცესი მოსწონდათ.

იცით, რატომ? იმიტომ, რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს ან არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კადრებს. ასეთები არიან, მაგალითად, მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არასდროს პრობლემა არ გამოუთქვამთ. ახლაც არ უნდათ, რომ გამოცდა დაინიშნოს იმიტომ, რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს წარდგენის საშუალება და ჩვენ ვიძახით, რომ ჩავწეროთ გამოცდა, ვნახოთ ის ადამიანი, იმსახურებს თუ არა მოსამართლეობას.

არა, გამოცდა არ ჩავწეროთო.. მოსამართლემ, რა თქმა უნდა, უნდა ჩააბაროს გამოცდა იმიტომ, რომ ვნახოთ, ის კომპეტენტურია თუ არა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც დაასახელებს ასევე საიას წარმომადგენელი, ანა დოლიძე, გავა უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში.  არის რომ ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? მარტივ მაგალითს გეტყვით, რომ არ არის. პრეზიდენტს თავისი შეწყალებებით შეეძლო მართლმსაჯულების ხარისხის გამოსწორება, მთელი საია პრეზიდენტ მარგველაშვილთან მუშაობდა – ერთი მართლმსაჯულების ხარვეზი არ გამოუსწორებიათ,” – ასე დაასაბუთა თავისი მოსაზრება ვანო ზარდიაშვილმა.

ამ განცხადებას ჟურნალისტებთან თავად ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, ზარდიაშვილის განცხადება “მისივე დიაგნოზია”.

“ამ სამსაათიანი, ყველა ერთხმად მოლაპარაკე ადამიანების დასაბუთებული არგუმენტებისგან ზარდიაშვილმა მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეძლო. ეს მეტყველებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ, არის ასეთი გამოთქმა, რომელიც ახლა მახსენდება – ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს და ზარდიაშვილი ყველგან საკუთარ გამორჩენას ეძებს და ამიტომ ჰგონია, რომ ყველა იმიტომ იბრძვის, იმიტომ დგას პოზიციებზე, რომ რაღაც გამორჩენა მიიღოს ამ პროცესისგან. ეს განცხადება ზარდიაშვილის დიაგნოზია, მეტს ვერაფერს ვიტყვი,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება საია-ს, ორგანიზაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, ზარდიაშვილის განცხადება მთავრობის მცდელობაა, მთავარი პრობლემიდან ყურადღება გადაიტანოს.

“თუ საკანონმდებლო პრობლემები იყო, შეეძლო თავის დროზე ესაუბრა, სანამ ბატონი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, ეს ერთი, და მეორე, რაც ილაპარაკა იგივე საიასთან დაკავშირებით, იმდენი რამე თქვა, რომ ამას როგორც კომპლიმენტს, ისე მივიღებ. ალბათ, შევეცდები, რომ წლის ბოლოს წლიურ ანგარიშში შევიტანო ბატონი ზარდიაშვილის შეფასებები. ამხელა გავლენა და ამხელა სტატუსი თუ აქვს ამ ორგანიზაციას – ძალიანაც კარგი.

გამოდის, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყანას და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს – ცხადია, ისინი პრობლემას აბსოლუტურად სხვა კუთხიდან ხედავენ, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა ტიპის პრობლემებზე სასამართლო სისტემაში, ისინი ამ პრობლემებს არ აღიარებენ , ბუნებრივია, განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს და ისინი ცდილობენ, რომ გადაიტანონ სიმძიმის ცენტრი სხვა მიმართულებით… რომ თურმე სამოქალაქო სექტორს არ სურს გამოცდები, თურმე სამოქალაქო სექტორს სურს, რომ კონკრეტული პირები მოხვდნენ საქართველოში, ეს ასე არ არის ნამდვილად”, – აცხადებს სულხან სალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი