ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქობულეთში რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებას გმობს

11 სექტემბერი, 2014 • • 1219
სახალხო დამცველი ქობულეთში რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებას გმობს

“2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან (მედრესი) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა მშენებლობის ფაქტის გაპროტესტების მიზნით გადაკეტა ქუჩა.


საქართველოს სახალხო დამცველი გმობს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებას, იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინციდენტი არ გამოიწვევს რელიგიურ ნიადაგზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას და ვითარების ესკალაციას. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების პრევენციას.

 

ამავდორულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით. წინამდებარე საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული მოცემულ მომენტში იმყოფება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ხვდება ადგილობრივ მუსლიმებს. საკითხის შესწავლის შედეგები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი