ახალი ამბები

საქსტატი საშუალო ხელფასად 1202 ლარს ასახელებს, გამოთვლის ხერხი სადავოა

18 მარტი, 2019 • 3248
საქსტატი საშუალო ხელფასად 1202 ლარს ასახელებს, გამოთვლის ხერხი სადავოა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც 2018 წლის IV კვარტალში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1202 ლარი იყო. თუმცა ეს რიცხვი გამოანგარიშებულია არა მედიანური, არამედ საშუალო არითმეტიკულის მეთოდით; ამასთან, ეს რიცხვი ეფუძნება არა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას, არამედ საწარმოების საქსტატისეული კვლევის მონაცემებს.

რა წერია ახალ ანგარიშში?

საქსტატის თანახმად, 2018 წლის IV კვარტალში (ანუ ბოლო სამ თვეში — ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში) საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა.

ანგარიშში საქსტატს ამის შემდეგ მითითებული აქვს, როგორ განსხვავდება სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა ნომინალური ხელფასები. მაგალითად: შედარებით მაღალი რიცხვებია მოცემული პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (2144 ლარი), მშენებლობასა (1956.4 ლარი) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობაში (1902 ლარი).

ყველაზე დაბალი ხელფასები კი განათლების სფეროშია მითითებული — 660.3 ლარი; ამაზე ოდნავ მაღალია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულების ნომინალური ხელფასი — 770.1 ლარი; შემდეგ მოდის წყალმომარაგებაში, კანალიზაციის, ნარჩენების მართვასა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობებში დაქირავებულების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი — 907.3 ლარი…

იქვეა მითითებული, რომ აღნიშნულ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარი, ხოლო კაცებისა — 1468.5 ლარი იყო, რაც ქალებისა და კაცების ნომინალურ ხელფასებში სხვაობად 562.5 ლარს გვაძლევს.

როგორ ითვლის საქსტატი ხელფასებს?

საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხი არსებობს: საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას; მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია.

საქართველოში საშუალო არითმეტიკულის მეთოდი გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ მედიანა საშუალოსთან შედარებით უფრო კარგი ტიპური მნიშვნელობაა იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები მნიშნველოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასები მოიმატებს, მედიანურ ხელფასზე ეს არ იმოქმედებს, თუმცა ის გაზრდის საშუალო არითმეტიკულით დაანგარიშებულ ხელფასს.

ამასთან, როგორც ნეტგაზეთმა საქსტატთან გასულ თვეებში ჩატარებული ინტერვიუებით გაარკვია, საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან (რომელშიც ფიქსირდება მოქალაქეთა შემოსავლები), არამედ საქსტატის ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ მონაცემებს; ამ 15 000 ორგანიზაციაში სრულად შედიან მსხვილი საწარმოები, სახელმწიფო მართვის ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები და საკრედიტო კავშირები; საშუალო და მცირე საწარმოები კი შერჩევითი პრინციპით არიან კვლევაში ჩართული.

თუმცა ამ კვლევით საქსტატი იღებს არა ინდივიდუალურ მონაცემებს (ანუ ვის, რა პოზიციაზე დასაქმებულს რამდენი ხელფასი აქვს), რაც მედიანური ხელფასის გამოსათვლელადაა საჭირო, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

სტატისტიკას, სადაც ოფიციალურად დასაქმებულების ინდივიდუალური ხელფასებიც ჩანს, ისედაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თუმცა საქსტატი ამბობს, რომ ამ მონაცემებს ვერ იყენებს, რადგან ამ ორი ორგანოს ინტერესის საგანი განსხვავდება ერთმანეთისგან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ აჯობებს, საქსტატი გამოვიდეს ინიციატივით, შემოსავლების სამსახურმა ისე აწარმოოს სტატისტიკა, რომ საქსტატმაც მოახერხოს მათი მონაცემების გამოყენება (რითაც, სავარაუდოდ, საქსტატის ცალკე კვლევის საჭიროებაც შეიძლება მოიხსნას), საქსტატის აღმასრულებელმა გოგიტა თოდრაძემ იანვარში გვიპასუხა:

“გეთანხმებით, ნამდვილად ვფიქრობთ იმაზე და ვეთანმხებით ფართო საზოგადოების აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ მედიანური ხელფასი საკმაოდ საინტერესო საანალიზო საშუალებაა, მაგრამ ჩვენ გაანგარიშებისას ვეფუძნებით არა შემოსავლების სამსახურს, არამედ კვლევებს. მაგალითად, კვარტლურად 15000 რესპონდენტს ვიკვლევთ, ყოველწლიურად – 18000-ს. ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რესპონდენტის ტვირთს ამძიმებს. ალბათ, დადგება დრო, როდესაც მოთხოვნა იქნება ამაზე”…

ამ საკითხზე გირჩევთ ნეტგაზეთის სტატიებს:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

რა მონაცემებს ეფუძნება საქსტატის “ხელფასების კალკულატორი”

მასალების გადაბეჭდვის წესი