ახალი ამბები

ბერლუსკონის საქმის მოწმის საეჭვო გარემოებაში სიკვდილზე იტალიაში გამოძიება დაიწყო

18 მარტი, 2019 • 1059
ბერლუსკონის საქმის მოწმის საეჭვო გარემოებაში სიკვდილზე იტალიაში გამოძიება დაიწყო

იტალიის სასამართლოს განცხადებით, მაროკოელი მოდელის შესაძლო მკვლელობის საქმეზე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო, გამოძიება დაიწყო.

როგორც Reuters წერს, 33 წლის იმანე ფადილი პირველ მარტს მილანში მდებარე საავადმყოფოში მწვავე მუცლის ტკივილით მიიყვანეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი პარასკევს, 15 მარტს გავრცელდა. ადვოკატის თქმით, მოდელი, სავარაუდოდ, მოწამლეს.

იმანე ფადილიმ  2012 წელს ბერლუსკონის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა. ყოფილ პრემიერ-მინისტრ სადანაშაულებდნენ  არასრულწლოვანი სექსმუშაკისთვის სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდაში:

“ბერლუსკონის წვეულებებს ახალგაზრდა ქალები ხშირად ესწრებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე მათ ცეკვა მონაზვნის ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მისი გახდა დაიწყეს. ერთ-ერთ გოგოს, რომელიც ბერლუსკონისთვის ცეკვავდა, სახეზე პოპულარული ფეხბურთელის, რონალდინიოს ნიღაბი ეკეთა”, – ამბობდა 2012 წელს მიცემულ ჩვენებაში ფადილი.

მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ ბერლუსკონის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, სექსმუშაკი არასრულწლოვანი რომ იყო და საქმის ამ ნაწილში გამართლდა. თუმცა ბერლუსკონისა და დაცვის მხარის სხვა წარმომადგენლებს ახალი ბრალდებები დაუმატეს და მათ წვეულებაზე დამსწრეთა მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ, რათა სასამართლოსთვის სიმართლე არ ეთქვათ.

Reuters-ის ცნობით, გარდაცვალებამდე ფადილი წიგნზე მუშაობდა, სადაც ამ მოვლენებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი