ახალი ამბები

ნატო-საქართველოს სწავლება მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული – ლელა ჩიქოვანი

18 მარტი, 2019 • 1296
ნატო-საქართველოს სწავლება მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული – ლელა ჩიქოვანი

“ნატო-საქართველოს სწავლება 2019” დაიწყო. სწავლება თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ დღეს, 18 მარტს გახსნეს.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თქმით, წლევანდელი სწავლება უნიკალურია მონაწილეთა რადენობით. ასევე, იმით, რომ სწავლებას- დაგეგმვის ფაზიდან აღსრულებამდე- ქართული მხარე ხელმძღვანელობს.

“აღნიშნული სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არცერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ემსახურება და, როგორც შედეგს, მოიტანს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, თავდაცვის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. სწავლება არის დემონსტირება მეტი ნატოსი საქართველოში და მეტი საქართველოსი – ნატოში”, – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2019” მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.ასევე,  სწავლება  გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას.

სწავლების ფარგლებში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 25 მარტს JTEC-ს მოინახულებს. 28 მარტს გაიმართება საჩვენებელი დღე მაღალი დონის სტუმრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე, პრესკონფერენცია.

ნატო-საქართველოს სწავლებაში 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს 24 ქვეყნიდან: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი.

ამავე თემაზე:

ნატო-საქართველოს სწავლება მე-5 მუხლის გარეშე კრიზისებზე რეაგირების მიდგომას გამოცდის

მასალების გადაბეჭდვის წესი