ახალი ამბები

ციფრებს მიღმა – ვინ იყვნენ ახალი ზელანდიის ტერაქტისას დაღუპულები

17 მარტი, 2019 • 2985
ციფრებს მიღმა – ვინ იყვნენ ახალი ზელანდიის ტერაქტისას დაღუპულები

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩში ორ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მედიაში არაერთი დაღუპულის ისტორია გახმიანდა. ისინი იყვნენ სხვადასხვა თაობისა და წარმომავლობის ადამიანები – ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები, მშობლები, შვილები, ომს გამოქცეული ლტოლვილები, მიგრანტები თუ ახალ ზელანდიაში დაბადებულები. ყველა მათგანის ცხოვრება 15 მარტის ტერორისტული თავდასხმისას შეწყდა.

მიკდად იბრაჰიმი, 3 წლის

3 წლის მუკდადი, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. NZ Herald-ის ცნობით, ალ-ნურის მეჩეთში ის მამასთან და ძმასთან – აბდისთან ერთად იყო მისული.

გამოცემის თანახმად, ტრაგედიის შემდეგ, მამა და ძმა ბიჭს ქალაქ ქრაისთჩარჩის საავადმყოფოში უშედეგოდ ეძებდნენ. ის ამ დრომდე არ უპოვიათ, თუმცა მისი ძმა აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ბიჭი გარდაცვლილებს შორისაა.

მოგვიანებით, აბდიმ ძმის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა, წარწერით: “მოგვენატრები, ძვირფასო ძმაო”.  ის მუკდადს აღწერს როგორც ენერგიულ, მხიარულ, ღიმილიან ბიჭუნას, რომელსაც ბევრი სიცილი უყვარდა.

მუკდად იბრაჰიმი

აბდულლაჰი დირი, 4 წლის

4 წლის ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ აბდულლაჰი მეჩეთზე თავდასხმისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთია. ამის შესახებ ცნობა Washington Post-ს მისმა 60 წლის ბიძამ დაუდასტურა. აბდულლაჰი მეჩეთში მამასთან და ოთხ ძმასთან ერთად იყო, როცა იქ ტერორისტი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

“ვერ წარმოიდგენთ, რას ვგრძნობ. ის ყველაზე პატარა იყო ოჯახში. პრობლემა ექსტრემიზმშია. ზოგიერთი მათ ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს აღნიშნულის ნაწილად მოიაზრებს, თუმცა ისინი უდანაშაულონი არიან”, – აცხადებს მოკლულის ბიძა.

საიდ მილნი, 14 წლის

ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა საიდის მამა აცხადებს, რომ ბიჭი ტერაქტის მსხვერპლთა შორისაა. საიდ მილნი მეჩეთში დედასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მამას აცნობეს, რომ ბიჭი მეჩეთის იატაკზე, სისხლიანი შენიშნეს.

საიდი მეათე კლასის მოსწავლე იყო, თამაშობდა ფეხბურთს და მეჩეთში სალოცავად ყოველ პარასკევს დადიოდა.

“მახსოვს, დაბადებისას, კინაღამ დავკარგეთ. მთელი ცხოვრების მანძილზე ბრძოლისუნარიანი იყო… მამაცი, პატარა ჯარისკაცი. ძალიან რთულია, გააცნობიერო, რომ ის იარაღით მოკლა ვიღაცამ, ვისთვისაც ყველა და ყველაფერი სულ ერთია”, – აცხადებს საიდის მამა.

საიდ მილნი

საიდ მილნი

ხალიდ მუსტაფა და მისი ვაჟი, 16 წლის ჰამზა 

ისინი სულ რამდენიმე თვის წინ, 2018 წელს გამოექცნენ სისხლისმღვრელ ომს სირიიდან და ახალ ზელანდიაში საიმედო თავშესაფარი იპოვეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ.

16 მარტს მეჩეთში ხალიდ მუსტაფა მის ორ შვილთან – 13 წლის ზაიდთან და 16 წლის ჰამზასთან ერთად ლოცულობდა. ტერორისტმა ხალიდი და ჰამზა მოკლა, ზაიდი კი ექვსსაათიანი ოპერაციის შემეგ ძალების აღდგენას ქრაისთჩარჩის საავადმყოფოში ცდილობს.

ხალიდს ცოლი და ქალიშვილი დარჩა, რომლებიც იმ დროს მეჩეთში არ იმყოფებოდნენ.

“ისინი გადაურჩნენ საშინელებას და ჩამოვიდნენ მშვიდ სამოთხეში [თურმე] მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო საშინელი გზით დაღუპულიყვნენ”, – აღნიშნა ორგანიზაცია “სირიის სოლიდარობა – ახალი ზელანდიის” წარმომადგენელმა ალი აკკილმა NZ Herald-თან საუბრისას.

ხალიდ მუსტაფა

ხალიდ მუსტაფა

ჰუსნი არა ფარვინი, 42 წლის

ნათესავის თქმით, ბანგლადეშელი ჰუსნი არა ფარვინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქმრის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა.

ალ-ნურის მეჩეთს, სადაც ტერაქტი მოხდა, ორი სექცია აქვს, ქალებისა და კაცებისთვის. ნათესავის თქმით, სროლის ხმის გაგონებისას, ქალების სექციაში მყოფი ჰუსნი მეორე განყოფილებისაკენ გაიქცა, რათა ეტლში მჯდომი ქმარი გადაერჩინა. კაცი გადარჩა, თუმცა მისი ცოლი ტერორისტის მსხვერპლი გახდა.

წყვილს ქალიშვილი ჰყავს.

ჰუსნი არა ფარვინი

ჰუსნი არა ფარვინი

ატა ალიანი, 33 წლის

ატა ალიანი ახალი ზელანდიის ფუტსალის[ფეხბურთის სახეობა] ნაკრების წევრი და მეკარე იყო. წარმოშობით ქუვეითელი ალიანი ცოტა ხნის წინ გახდა მამა.

ის ასევე იყო ერთ-ერთი ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიის მეწილე და დირექტორი.

ატა ალიანი

ატა ალიანი

დაიუბ ნაბი, 71 წლის

დაიუბ ნაბიმ ახალ ზელანდიაში თავშესაფარი 40 წლის წინ, ორ ვაჟთან ერთად მიიღო. 1977 წლიდან ქრაისთჩარჩში ცხოვრობდა – ქალაქში, რომელიც მისთვის სიმშვიდის გარანტია იყო, სამშობლოსგან განსხვავებით. დაიუბის სიკვდილი მისმა ვაჟმა, იამა ნაბიმ უკვე დაადასტურა.

დაიუბ ნაბი

დაიუბ ნაბი


ბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩის ორ მეჩეთზე ტერორისტულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი მალევე შეაფასა ტერორისტულ აქტად და ახალი ზელანდიის ისტორიაში უმძიმეს მომენტად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა კი ტერაქტი დაგმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი