ახალი ამბები

მსოფლიო ტერაქტით დაზარალებულ მუსლიმთა დასახმარებლად გაერთიანდა

16 მარტი, 2019 • 1283
მსოფლიო ტერაქტით დაზარალებულ მუსლიმთა დასახმარებლად გაერთიანდა

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩის ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ადამიანები მსოფლიოს გარშემო მუსლიმების დასახმარებლად გაერთიანდნენ. სხვადასხვა რწმენისა და ეთნიკური კუთვნილების მქონე ადამიანები დაზარალებულებს სოლიდარობის წერილებს უგზავნიან, საკუთარ სალოცავებში ეპატიჟებიან, ფულს უგროვებენ და რიგ ადგილებში გაყოლასაც სთავაზობენ მათ, ვისაც თავდასხმის შემდეგ ქუჩაში გადაადგილების ეშინია. არაერთ ქალაქში სიძულვილის წინააღმდეგ დემონსტრაციებიც გაიმართა.

გასული წლის ოქტომბერში, როცა აშშ-ს ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაშიტერორიადამიანები დახოცა, მუსლიმმა ამერიკელებმა თავდასხმის მსხვერპლთათვის ათასობით დოლარი შეაგროვეს. უკვე ახლა, ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სოლიდარობის კამპანია დაზარალებულ მუსლიმთა დასახმარებლად სწორედ პიტსბურგის ებრაელთა ფედერაციამ დაიწყო.

“შეძრულნი ვართ სიძულვილის უგრძნობი გამოვლენით. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, მსხვერპლთა შესახებ მოგონებები კი სამუდამოდ დარჩება”, – აცხადებს ებრაული ფედერაცია და თავის წევრებს ქრაისთჩარჩის მუსლიმთა საზოგადოების დასახმარებლად თანხის შეწირვისაკენ მოუწოდებს.

მუსლიმი მეზობლებისადმი სოლიდარობა უშუალოდ ქრაისთჩარჩის ებრაელებმაც გამოხატეს: ისტორიაში პირველად, ებრაელებისათვის წმინდა დღეს – შაბათს, ქალაქის სინაგოგები დაიხურა.

“ჩვენ ერთად ვართ სიძულვილსა და რასიზმთან ბრძოლაში”, – დაწერა “ტვიტერზე” ისააკ ჰერცოგმა, “ისრაელის ებრაული სააგენტოს” უფროსმა.

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ ფაშიზმისა და ისლამოფობიის წინააღმდეგ. ფოტო: EPA/EFE

თავდასხმიდან მალევე, როცა ქალაქ ქრაისთჩარჩის მეჩეთები უსაფრთხოების მიზნით დახურეს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბაპტისტურმა ეკლესიამ მუსლიმები სალოცავად თავისთან მიიპატიჟა.

“ამ ღამით ვილოცებთ ქრაისთჩარჩისთვის. მოდით და დაანთეთ სანთელი და თქვით ლოცვა. განსაკუთრებით ვეპატიჟებით მუსლიმ საზოგადოებას, რომლის მეჩეთებიც დახურულია, მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა “დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფორუმი ქრისტიანთა და მუსლიმთა დიალოგისათვის”, რომელმაც ქრისტიანებს მოუწოდა, სოლიდარობის ნიშნად მუსლიმების პარასკევის ლოცვებს დაესწრონ. ორგანიზაციის ეს განცხადება “ტვიტერზე” კენტერბერის არქიეპისკოპოსმაც გააზიარა. CNN-ის ცნობით, ხალხმა დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში მეჩეთების შესასვლელებთან ყვავილებისა და მხარდამჭერი წერილების მიტანაც დაიწყო.

მარში რასიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ლონდონში. ფოტო: EPA-EFE

ქალაქ ქრაისთჩარჩსა და ახალი ზელანდიის სხვა ნაწილებში ადამიანები დაზარალებულებსა და მათ ახლობლებს ეხმარებიან ყველა გზით, რითაც შეუძლიათ. ინციდენტიდან 24 საათში, ორმა დიდმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ მათ დასახმარებლად 2.2 მილიონი დოლარი შეაგროვა.

#ისინიარიანჩვენ – ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ეს ფრაზა ქვეყნის უამრავმა მოქალაქემ გააზიარა. მხარდამჭერ წერილებს შორის, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ქალაქ ველინგტონის მოქალაქის, ლიანეს ჰოვარდის პოსტი, რომელიც მუსლიმ ქალებს დახმარებას სთავაზობს.

“თუ ველინგტონში რომელიმე მუსლიმი ქალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, მე თქვენთან ერთად ვივლი, დაველოდები ავტობუსს თქვენთან ერთად, ჩავჯდები მასში თქვენთან ერთად, ბოსტნეულის მაღაზიაშიც გამოგყვებით”, – წერს ის.

კიდევ ერთმა მოქალაქემ, ქრაისთჩარჩის მცხოვრებმა იოტი იოანოუმ ცოლთან ერთად ადგილობრივებს ფეისბუქით მიმართა, დასაშვები(ჰალალ) საკვები შეეგროვებინათ იმ მუსლიმი ადამიანებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში დაჭრილ ახლობლებს ელოდებოდნენ. როგორც მან AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, საბოლოოდ იმდენი საკვები შეგროვდა, რომ იძულებული გახდა, ხალხისთვის მიემართა, პროდუქტის მიწოდება შეეწყვიტათ.


ბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩის ორ მეჩეთზე ტერორისტულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი მალევე შეაფასა ტერორისტულ აქტად და ახალი ზელანდიის ისტორიაში უმძიმეს მომენტად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა კი ტერაქტი დაგმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი