ახალი ამბები

პასუხი ქერჩის ინციდენტზე: აშშ-ს, კანადისა და EU-ს სანქციები რუსეთს

16 მარტი, 2019 • 1347
პასუხი ქერჩის ინციდენტზე: აშშ-ს, კანადისა და EU-ს სანქციები რუსეთს

აშშ-მ, კანადამ და ევროკავშირმა 2018 წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს. ფაქტს უკვე გამოეხმაურა მოსკოვი და საპასუხო ნაბიჯები დააანონსა.

Reuters-ის თანახმად, ახალი სანქციები, ქერჩის ინციდენტის გარდა, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მის მოქმედებებსაც ეხება.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, მისი სანქციების სამიზნე რუსეთის ფედერალური თავდაცვის სამსახურების ოთხი წარმომადგენელია, მათი მონაწილეობის გამო ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტში. სიაში ასევე იძებნება ექვსი რუსული თავდაცვითი კომპანია, რომელიც ყირიმშია განთავსებული.

ამავდროულად, მოსკოვის მიმართ სანქციები აამოქმედა კანადამაც, რომელთა სამიზნე 114 ადამიანი და 15 ინსტიტუციაა. ევროკავშირის განცხადებით კი, სანქციები შეეხება რუსეთის თავდაცვის უწყებების ოფიციალურ პირებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომელთაც უკრაინულ გემებს მარიუპოლის პორტამდე მისვლის საშუალება არ მისცეს.

“აშშ და ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორები არ დავუშვებთ, რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უპასუხოდ დარჩეს”, – აღნიშნავენ სახელმწიფოები ერთობლივ განცხადებაში.

ახალ სანქციებს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება, რომლის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ მოსკოვი დასავლეთის ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს. სამინისტროს განცხადებით, ახალი სანქციებით აშშ, კანადა და ევროკავშირი აგრძელებენ “კატასტროფულ კურსს რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დასანგრევად”.

ინციდენტი ქერჩის სრუტეში გასული წლის 25 ნოემბერს მოხდა. რუსულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა სამ უკრაინულ გემს, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლისაკენ მიემართებოდნენ. რუსეთმა სამივე გემი 24 უკრაინელ სამხედროსთან ერთად დააკავა. ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი