ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთადერთი ინვესტორი რუსეთია – გიორგი არზიანი

გიორგი არზიანი – გამომცემელი და „ბიბლიოთეკა საქართველოზე“ დამფუძნებელი


აფხაზებსა და ქართველებს შორის შინაარსიან საზოგადოებრივ დისკუსიას შეუძლებლად ხდის რუსეთი, რომელიც ამ კონფლიქტის ერთადერთი ინვესტორია. ამიტომ, გლობალურად, ყველაზე მთავარი, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არის დეოკუპაცია: რუსეთმა, ნებით თუ იძულებით, უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

თუმცა,  ჩვენ მაინც უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება დიალოგისთვის და შევქმნათ აფხაზებთან მუშაობის და საუბრისთვის საერთო სივრცე. უნდა ვიმუშაოთ, თუნდაც იმაზე, რომ კიდევ უკეთესად წარმოვაჩინოთ აფხაზეთი 2021 წლის პარიზის წიგნის ბაზრობაზე, ვიდრე ეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გავაკეთეთ; კარგი იქნებოდა, წიგნის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად აფინანსებდეს მსოფლიო თანამედროვე მხატვრული და არამხატვრული-სამეცნიერო ლიტერატურის და თანამედროვე ქართველი ავტორების თარგმანებს აფხაზურ ენაზე და პირიქით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს შეიძლება არასერიოზულად მოეჩვენოს, მსგავსი საქმიანობა უმნინიშვნელოვანესია რეინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, რადგან საერთო კულტურული გამოცდილება უნდა გახდეს ათვისებადი. თარგმანები ამავე დროს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ენის შენარჩუნების და განვითარებისთვის და, მე ვიმედოვნებ, ბევრი ხვდება, თუ რა საშიშროების წინაშე დგას აფხაზური კულტურა.

იდეალური იქნებოდა დიდი აფხაზურენოვანი წიგნების ბიბლიოთეკის დაფუძნება თბილისში, სადაც, ასევე, განთავსდებოდა აფხაზეთის თანამედროვე მუზეუმი და კვლევითი ცენტრი, რომელიც აფხაზური კულტურის უკეთ გაცნობის საშუალებას მოგვცემდა.

საქართველოში ასეთი ბიბლიოთეკის და მუზეუმის იდეის რეალიზაცია ცალსახად შესაძლებელია, სიმეტრიულად ანალოგიური ცენტრის გახსნა აფხაზეთში კი გამორიცხულია, და ეს მეტყველებს მთავარ პრობლემაზე: ქართველების მიმართ სიძულვილი ყოველდღიური პრაქტიკაა ოკუპირებულ რეგიონებში. წაიკითხეთ ჩემი აფხაზი თანატოლების მოსაზრებები: მათ სძულთ ქართველები და საქართველო; ეს ყველაფერი კარგად ჩანს დე-ფაქტო ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაში გალის რეგიონის მაცხოვრებლების მიმართ, და, სამწუხაროდ, არანაირი პროტესტის გრძნობას არ აჩენს აფხაზ საზოგადოებაში.

ინტერვიუებში აფხაზები ხშირად აპელირებენ დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია თავისუფლების იდეალების მიღწევა დანაშაულებრივი საშუალებებით და სიძულვილით. ხშირად მეჩვენება, რომ სიკეთის და ბოროტების კოორდინატები აფხაზეთში ამოტრიალებულია. ამავე დროს, ეს გასაკვირიც არ არის: სიძულვილი მანიპულირების ყველაზე მარტივი ხერხია, რომელზეც დაყრდნობით მმართველი ელიტები ინარჩუნებენ კონტროლს მოსახლეობაზე და იკმაყოფილებენ თავის კორუფციულ ინტერესებს, ეს კარგად იციან რუსეთში და კარგად ისწავლეს ოკუპირებულ აფხაზეთში.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს: 

“აფხაზებთან საერთო საკითხზე მუშაობა დაგვაახლოებდა” – ხვთისო ადოლაშვილი

ქართულ-აფხაზური “დიალოგი” დაუსრულებელი პროცესია – ანა ძიაპშიპა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი