ახალი ამბები

სუს: ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და 3 პირი სამსახურებრივ გულგრილობაში ვამხილეთ

16 მარტი, 2019 • 1239
სუს: ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და 3 პირი სამსახურებრივ გულგრილობაში ვამხილეთ

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ოთხი კი  სამსახურებრივ გულგრილობაზე ამხილეს.

უწყების თანახმად, მხილებულთა შორის არიან  ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ამავე დროს, ქალაქის მერის ყოფილი მოადგილე, კომისიის ყოფილი წევრი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი, კომისიის ყოფილი წევრი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში  და კომისიის კიდევ ერთი  ყოფილი წევრი და ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი.

სუს-ის ცნობით, დაკავებულმა მოქალაქემ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, რაც კომისიის წევრებმა ვითარების შეუსწავლელად დაუკმაყოფილეს.

“ამავე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა სამსახურებრივი  მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს [მოქალაქის] მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. აღნიშნული ქმედების შედეგად [მან] საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი” – აცხადებს სუს-ი.

გამოძიება მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობისა და მეორე მზრივ, თაღლითობის მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პირველ შემთხვევაში, სასჯელის ზომა 3-წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თაღლითობა კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი