ჩემი სამშობლო ისეთივე უნიკალურია სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა – ბახტაძე იაპონიაში

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული “ქართული დღეების” სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმართა.

“მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო – საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა, – ასე მიმართა მან ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას.

პრესსამსახურის ცნობით, ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა.

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, საკუთარი კულტურით, ტრადიციებითა და თანამედროვეობით. ქართველები საუკუნეებია, ვიცნობთ და პატივს ვცემთ იაპონურ კულტურას, თქვენს ქვეყანას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა ასე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძალა და თანამედროვეობის, ინოვაციების, ტექნოლოგიების კუნძულია, დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული და სანდო პარტნიორია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

“ქართული დღეების” ფარგლებში იაპონიის დედაქალაქში საქართველოს თემატიკაზე კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან