ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრის განმარტება – რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას ადგილი არ ჰქონია

15 მარტი, 2019 • 1135
მინისტრის განმარტება – რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას ადგილი არ ჰქონია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დააზუსტა მისი პირველი განცხადება რუსი სამხედროების ხურვალეთში გადმოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ რუს ჯარისკაცებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ.

“რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ.

იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ  საქართველოს სამართალდამცავები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს”.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა რუსი სამხედროების შემოჭრაზე, დაძაბულობას პროვოცირებდა. 

” მინდა, რომ მოვუწოდო ადამიანებს თუ ჯგუფებს, რომლებიც ზოგჯერ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ მიზანმიმართულად პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, თავი შეიკავონ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, რადგან ჩვენ რაღაც თემებზე არ ვსაუბრობთ”.


სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ დღეს, 15 მარტს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერდა სალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არ დაადასტურეს რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა და ბორდერიზაციის ახალი ფაქტები.

პარალელურად, სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან შეკრებილები იყვნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრები, მათ შორის, დავით ქაცარავა. პოლიცია მათ სოფლის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდეგ, პოლიციამ ჟურნალისტები სოფელში შეუშვა.

13 მარტს ოსური მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში, დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად შექმნან წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

ოსურმა მხარემ დღევანდელი ფაქტი გარე ძალების მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი