ახალი ამბები

ჰქონდა თუ არა კავშირი ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელს ბრეივიკთან?

15 მარტი, 2019 • 1354
ჰქონდა თუ არა კავშირი ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელს ბრეივიკთან?

ტერორისტი, რომელიც ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთს იარაღით თავს დაესხა და პროცესი პირდაპირ ეთერში გადასცა, მანამდე გამოქვეყნებულ “მანიფესტში” აცხადებს, რომ ნორვეგიელ ტერორისტთან, ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი. თუმცა აღნიშნულს დიდწილად გამორიცხავს ბრეივიკის ადვოკატი.

17-წუთიანი ვიდეოს დასაწყისში კაცი, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას  ახდენს ბრენტონ ტარანტთან, ამბობს, რომ 28 წლისაა და არის ავსტრალიიდან.

მის მიერ თავდასხმამდე გამოქვეყნებული 74-გვერდიანი “მანიფესტი” ულტრამემარჯვენე, ფაშისტური და ანტისაიმიგრაციო რიტორიკითაა გაჯერებული. დოკუმენტში საუბარია ისეთ კონსპირაციულ თეორიებზე, როგორიცაა თეთრი რასის გენოციდი და ნახსენებია “საშიში ატმოსფეროს” შექმნის საჭიროება მუსლიმებისათვის.

ამავე “მანიფესტში” ტარანტი ამტკიცებს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკთან, რომელმაც 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ სწორედ ბრეივიკმა “მისცა კურთხევა” 15 მარტის თავდასხმის განსახორციელებლად.

აღნიშნულის შესაძლებლობას ბრეივიკის ადვოკატი,პრაქტიკულად, გამორიცხავს. ოისტაინ სტურვიკი ნორვეგიულ პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარესამყაროსთან ძალიან მწირი კონტაქტი აქვს და, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ მას მეჩეთებზე თავდამსხმელთან კონტაქტი დაემყარებინა.

2011 წელს, დაკავებისას, ბრეივიკს წერილების გაგზავნა სრულად ჰქონდა აკრძალული. შემდგომ, 2012 წლის ზაფხულამდე, მას ამ მხრივ შედარებითი თავისუფლება მისცეს. თუმცა, ნორვეგიული გამოცემის, Aftenposten-ის თანახმად, ბრეივიკს კვლავ შეუზღუდეს აღნიშნული აქტივობა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ წერილებს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ულტრამემარჯვენეებსაც უგზავნიდა.

ციხის უფროსი, რომელშიც ბრეივიკი იხდის სასჯელს, ნორვეგიის სამეფო არხთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის ქვეშ მყოფ პატიმრებს გარესამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. მისი თქმით, კონტროლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემავალი და გამავალი კომუნიკაცია, პატიმრებს ტელეფონზე დარეკვა შეზღუდული აქვთ, ინტერნეტთან წვდომა კი არ გააჩნიათ.

ბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩის ორ მეჩეთზე თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად და ახალი ზელანდიის ისტორიაში უმძიმეს მომენტად შეაფასა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა კი დაგმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი