ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი დაამტიცა

15 მარტი, 2019 • 946
თბილისის საკრებულომ გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი დაამტიცა

15 მარტს თბილისის საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია დაამტკიცა.

საკრებულოს 37-მა წევრმა მხარი დაუჭირა გენგეგმის მიღებას. წინააღმდეგ 4 წავიდა.

საკრებულოს უმრავლესობის, “ქართული ოცნების” წევრებმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს.

ამავე სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კ2 კოეფიციენტის მატების აკრძალვას შეეხება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ 35 ხმით მიიღო.

თბილისის ვიცე-მერმა მაია ბითაძემ განაცხადა: “მინდა ყველას მივულოცო გენგეგმის მიღება და კ2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა. ეს იტორიული ნაბიჯია სივრცითი განვითარებისთვის. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი — გენერალური გეგმის აღსრულება”.

გენგეგმის მიღებას წინ უსწრებდა ოპოზიციის ბრიფინგი, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ს ხელთ აქვს “ათასობით მისამართი”, რომელსაც, მისი თქმით, გენგეგმით ზონალური სტატუსი ეცვლება.

ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სურდა, ყველა ამ ადგილზე/ტერიტორიაზე კითხვები დაესვა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის, თუმცა, როგორც სხდომის შემდეგ განაცხადა, უმრავლესობისგან მიიღო პასუხი, რომ დღესვე ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს გენგეგმის მიღებას.

საკრებულოს სხდომამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილს, რომელიც ივანიშვილის სახლს ემიჯნება, — 14 500 კვადრატული მეტრს — ახალი გენერალური გეგმით, ზონალური სტატუსი ეცვლებოდა და სარეკრეაციო ზონა 1-ის ნაცვლად სარეკრეაციო ზონა 2 ხდება, რაც შესაძლებელს ხდის იქ მშენებლობას. თუმცა ეს ინფორმაცია თბილისის მერიასა და საკრებულოში უარყვეს.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

ეცვლება თუ არა ბოტანიკური ბაღის ნაწილს ზონალური სტატუსი, რაც მშენებლობის შანსს აჩენს

მასალების გადაბეჭდვის წესი