ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული – ციხელაშვილი

15 მარტი, 2019 • 2225
რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული – ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ხურვალეთში უკან დაიხიეს.

“ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული, საოკუპაციო ხაზს მიღმა. თქვენ იცით, რომ ევროკაშვირის მისიამ დღეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, ან დამატებთი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროილირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ინციდენტი არის განმუხტული. თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი და მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა. ადგილზე არ ყოფილა არანაირი ინციდენტი”, – თქვა ციხელაშვილმა.

მინისტრმა მოუწოდა ყველას, მათ შორის აქტივისტებსა და მედიას, სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოიქცნენ.

“იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც არის ოკუპირებული. დიახ, მავთულხართებს მიღმა არიან რუსი ჯარისკაცები, არის ძალიან კარგად აღჭურვილი სამხედრო ბაზები. ამ პირობებში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია. ამიტომ ამ პასუხისმგებლობისგან არც ხელისუფლება, არც პოლიტიკოსები და არც აქტივისტები არ არიან თავისუფალი. ეს არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საჭირო”, – თქვა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, აქტივისტების მხრიდან იყო გარკვეული განცხადებები, “რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დამატებით დაძაბულობას აჩენდა”.


სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ დღეს, 15 მარტს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებდნენ რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას და ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს.

პარალელურად, სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან შეკრებილები იყვნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, მათ შორის, დავით ქაცარავა. პოლიცია მათ სოფლის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდეგ, პოლიციამ ჟურნალისტები სოფელში შეუშვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი