ახალი ამბები

წითელათი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 2019 წელს კი დაავადების 2345 შემთხვევა დაფიქსირდა

15 მარტი, 2019 • 1481
წითელათი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 2019 წელს კი დაავადების 2345 შემთხვევა დაფიქსირდა

რამდენიმე დღის წინ 4 წლის ბავშვი წითელათი გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით კი, 2019 წელს ამ დაავადების 2 345 შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ეპიდაფეთქება ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი საყოველთაო აცრაა.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, ამ შეთხვევაზეც, და მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია ქვეყანაში ასეთია: ეპიდაფეთქება გრძელდება, მართალია, მას ისეთი ძლიერი დინამიკა აღარ აქვს, როგორც იანვარში იყო, თუმცა ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენ წითელას ვერ შევაჩერებთ, თუ ხალხი მასობრივად არ აიცრება. ამიტომ ჩვენი თხოვნა არის, რომ ხალხი წავიდეს და აიცრას,” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, სტატისტიკურად, ყოველ 1 000 დაავადებულზე 1-2 გარდაცვალების შემთხვევა მოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წითელა “სახუმარო დაავადება” არ არის. მისივე თქმით, ასევე ხშირია წითელას გართულებებიც.

“შემთხვევათა 30%-ში წითელა იძლევა სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა ფილტვების ანთება, წითელასმიერი ენცეფალიტი, ყურის ანთება და შემდგომი სმენის დაქვეითება. ჩვენ შარშან და წელს წითელათი გარდაცვალების სულ 4 შემთხვევა გვაქვს, ყველა მათგანი იყო აუცრელი.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბავშვს, მე ვერ გავაჟღერებს მის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მას ჰქონდა სხვა გართულება, რომელიც იყო გამოწვეული სერიოზული ინფექციით. ბავშვს ეს ინფექცია 1 თვის წინ ჰქონდა და ამასთანავე, იყო აუცრელი,” – ამბობს ამირან გამყრელიზე.

დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, წითელას აცრას სახელმწიფო აფინანსებს.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში  – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება ტემპერატურის მომატებით. სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი