ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს

15 მარტი, 2019 • 1578
სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს

სოფელ ხურვალეთში რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდეგ პოლიციამ ჟურნალისტები შეუშვა. აქამდე ქართული პოლიცია ჟურნალისტებს და შეკრებილ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა.

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებენ რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას და ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს.

ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს.

13 მარტს ოსური მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში, დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად შექმნან წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

ოსურმა მხარემ დღევანდელი ფაქტი გარე ძალების მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი