ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას

15 მარტი, 2019 • 2641
სუსი არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ქართული პოლიცია ჟურნალისტებს და შეკრებილ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამასთან, სოფელში საქართველოს სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა.

ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს.

13 მარტს ოსური მხარემ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა პროვოკაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა და გააფრთხილა.

“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში, დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად შექმნან წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

ამავე თემაზე

გორის მერის ცნობით, ხურვალეთში 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირია გადმოსული

მასალების გადაბეჭდვის წესი