ახალი ამბები

სკოლის მოსწავლეები პლანეტის გადასარჩენად – გლობალური აქციები ცვლილებების მოთხოვნით

15 მარტი, 2019 • 1567
სკოლის მოსწავლეები პლანეტის გადასარჩენად – გლობალური აქციები ცვლილებების მოთხოვნით

მსოფლიოს მასშტაბით დღეს ასობით მოსწავლემ და სტუდენტმა აქციებითა და მსვლელობით ქალაქების ქუჩები დაიკავა.

“პარასკევი ჩვენი მომავლისთვის” – ასე ჰქვია გლობალურ პროტესტს, რომელიც მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების საკითხისადმი გულგრილობის გამო აკრიტიკებს.

ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ბანერებზე აწერიათ, რომ ამ აქციის გამო მათ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილები გააცდინეს, თუმცა აქციის წევრებს მიაჩნიათ, რომ მთავარი გაკვეთილი პლანეტისთვის ზრუნვის სწავლაა. აქციები დაახლოებით 105 ქვეყნის 1 659 ქალაქში იმართება.

წარწერა ბანერზე: “ამ აქციისთვის საბუნებისმეტყველო გაკვეთილს ვაცდენ”. ფოტო: EPA-EFE/PIYAL ADHIKARY

მოსწავლეები ამბობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების უმოქმედობის გამო მომავალ თაობებს გაცილებით უარეს ეკოლოგიურ პირობებში მოუწევთ ცხოვრება. მთავარი მოთხოვნები კი მსოფლიოში გამონაბოლქვის შემცირება, ოკეანეების დაბინძურების შეწყვეტა და, ზოგადად, კლიმატის ცვლილების ზიანის შემცირებისკენ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმაა.

 

“მეტი ოკეანე, ნაკლები პლასტმასი”. აქცია მილანში. ფოტო: EPA-EFE/MATTEO BAZZI

აქციის ერთ-ერთი სულისჩამგდმელი 16 წლის გრეტა ტუნბერგია – ეკოაქტივისტი, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული.

ტუნბერგი სკოლის მოსწავლეა. ის შვედეთის პარლამენტთან აგვისტოდან მარტო აპროტესტებდა კლიმატის ცვლილებებს  და მაღალჩინოსნებს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებდა. გრეტა ამბობდა, რომ აქციების ჩასატარებლად მას სკოლის გაცდენა უწევდა.

გრეტა შვედეთის მთავრობისგან ითხოვს, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფა პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.

“არ არსებობს პლანეტა B” . აქცია დანიაში.  ფოტო: EPA-EFE/HENNING BAGGER DENMARK OUT

 

“პარასკევი ჩვენი მომავლისთვის” აქცია იაპონიაში. ფოტო: ;EPA-EFE/FRANCK ROBICHON

 

მასალების გადაბეჭდვის წესი