ახალი ამბები

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს

15 მარტი, 2019 • 1710
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს

დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების დამდგენ 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს.

ერთი კანონპროექტის ინიციატორი  “ევროპული საქართველოა”, მეორის – ეკა ბესელია და 12 დეპუტატი, ხოლო მესამის – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

დღეისათვის საქართველოს კანონმდებლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ზოგადი წესი არსებობს, კერძოდ, პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს მოსამართლეობის კანდიდატებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით. ამის შემდგომ კი, საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2018 წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილმა კანდიდატების სიამ საზოგადოებისა და პოლიტიკური ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგადაც დაიწყო დისკუსია პროცედურების დახვეწის თაობაზე.

ევროპული საქართველოს კანონპროექტი

პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი, ევროპული საქართველოს მიხედვით არის ის, რომ  “ჩინჩალაძის კლანს” ჩამოერთვას პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის მონოპოლია.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონსტიტუციით განსაზღვრულია პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმი – სრული შემადგენლობის უმრავლესობა, თუმცა ღიად არის დატოვებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგინების პროცედურა.

აღნიშნული არ არის დარეგულირებული არც ორგანული კანონით “საერთო სასამართლოების შესახებ”, რომელიც არ ითვალისწინებს წესს, რომლითაც უნდა მოხდეს კანდიდატთა წარდგენა. შესაბამისად, არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ვაკუუმი, რომლის შევსებასაც მიზნად ისახავს წინამდებარე პროექტი.

პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას აკონტროლებს მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. ჩინჩალაძის კლანი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში პარლამენტს ყოველგვარი გამჭვირვალე პროცედურის გვერდის ავლით, წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, სადაც საბჭოს მოსამართლე წევრებმა პირდაპირ ჩაწერეს თავიანთი თავი. ამ ცინიკურ გადაწყვეტილებას, პარლამენტისთვის გადმოეგზავნათ კულუარულად შედგენილი სია, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრთა 2/3-მა.

შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, ამ შემთხვევაში ჩინჩალაძის კლანს, ჩამოერთვას მონოპოლია, რომ პარლამენტს წარუდგინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ მათთვის მისაღები კანდიდატები”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, კანონის 36-ე მუხლს დაემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება უფლება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად.

“თუკი დასახელებული კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ორგანული კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი), პირი ავტომატურად მოხვდება პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში.

საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი. ცხადია, კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას თავად ის წევრი, რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი”.

ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტი

კანონპროექტის  ავტორების განცხადებით, მოსამართლეების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მიდგომა:

    • დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა
    • არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა

ინიციატორების განცხადებით, პროექტი ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

      • ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება, შერჩევის სამართლიანი პროცესი
      • სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები
      • არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები
      • ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები
      • პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები
      • პარლამენტის მიერ გამართული შერჩევის პროცესი და სამუშაო ჯგუფის შექმნა
      • დასაბუთებული უარყოფა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლობის კანდიდატების ნომინირების წესი:

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს კონკურსს. შესაბამისად, კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსში მონაწილე პირის შესაბამისობას კანონის მინიმალურ მოთხოვნებთან; კონკურსის მონაწილეთა სრულ სიას, ვინც აკმაყოფილებს კანონის მინიმალურ მოთხოვნებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს.

აღნიშნული მინიმალური მოთხოვნებია:

ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 10 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი.
აგრეთვე:

    • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის 1 წელი .
    • საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დროს მხედველობაში უნდა მიიღოს, იყო თუ არა მოსამართლე იმ საქმის განმხილველი, რომელშიც მსჯავრდებული არის ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი;
    • რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.
    • პროცესის გამჭვირვალობის მიზნით კონკურსის ყველა მონაწილის სია და მოკლე ბიოგრაფიულ ცნობები ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
    • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის მიმართ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.
    • კონკურსის იმ მონაწილისთვის, რომელსაც ეთქვა უარი, გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის წესი, კანდიდატების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესწავლა

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრი უნდა შეესაბამებიდეს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დეტალურადაა გაწერილი ორგანული კანონით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის. ამასთან, ორგანულ კანონში მიეთითება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტი.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის დახმარებით. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრის შემადგენლობით: საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს 2 წევრს;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს – 3 წევრს; აკადემიური წრის წარმომადგენლები- 2 აღიარებულ ექსპერტს სამართლის საკითხებში.

სამუშაო ჯგუფს ენიჭება ინფორმაციის მოძიების ის უფლებამოსილება, რაც დღეს აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების შერჩევისას; დამატებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ამავე წესით ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეიძლება კანდიდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს.

ამასთან, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის ვებგვერდზე აცხადებს, სულ მცირე, 1-თვიან ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, მოიწვიოს და მოუსმინოს ინფორმაციის /დოკუმენტაციის მიმწოდებელს, თუკი ამას მოითხოვს სამუშაო ჯგუფის თუნდაც ერთი წევრი.

სამუშაო ჯგუფი ერთობლივად განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჯგუფის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატს; შემდეგ ეს შეფასებები ჯამდება და პარლამენტს წარედგინება სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი შემდეგი პოზიცია:კანდიდატი შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას; კანდიდატი არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას.

კანონპროექტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგენს დეტალურ წერილობით ანგარიშს კანდიდატის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე. უფლებამოსილია, სურვილის შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრება.

კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა:

  • კანდიდატების მოსმენა ტარდება საჯაროდ, კომიტეტის სხდომაზე.
  • კომიტეტის სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
  • კომიტეტის სხდომის თავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც წარდგენილია უმცირესობის ან იმ ფრაქციის მიერ, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. კანდიდატები პასუხობენ კომიტეტის წევრებისა და დამსწრე პირების შეკითხვებს:
  • გარდა კომიტეტის წევრებისა, კომიტეტის სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვის დასმისა და მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ შემდეგ პირებს: პარლამენტის სხვა წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს.
  • გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე. იმ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, რომელთაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამატებით გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თანათავმჯდომარე.
  • კომიტეტის წევრს შუძლია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს სამუშაო ჯგუფის წევრი/წევრები და დაუსვას შეკითხვები ჩატარებულ სამუშაოსთან დაკავშირებით.
  • კომიტეტი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ატარებს ღია კენჭისყრას ;
  • კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
    უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა პლენარულ სხდომაზე.
  • პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ ყველა კანდიდატს, მათ შორის, იმ კანდიდატებსაც, რომელთაც მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა პლენარულ სხდომაზე.
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
  • საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანონით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე, სამი მეოთხედი.
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კანონპორექტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა 5 ეტაპად რეგულირდება:

პირველი ეტაპი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებული წესით იწყებს საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას. ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი განცხადებით შეიძლება მიმართოს პირმა, თუ ის დააკმაყოფილებს კანონპროექტით გათვალისწინებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ითვლება:

  • მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი;
  • სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

საბჭოს სხდომა უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც წარდგენილ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.

კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა), რომელსაც არ აქვს ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან შესაბამისი გამოცდის შედეგები ძალადაკარგულია, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან არაუადრეს 21-ე და არაუგვიანეს 25-ე დღისა ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს სპეციალურად დანიშნული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

მეორე ეტაპი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და განხილვის ვადების გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე. თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ერთ ან ორ ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 3-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე. ხოლო, თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არანაკლებ 3 ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2,5-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე (შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის მთელი რიცხვით).

კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ აღმოჩნდება, რომ შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია გამოცხადებული შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტისა, ეს მონაწილეები კენჭისყრის გარეშე გადადიან შემდგომ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი ამ ეტაპზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.

მესამე ეტაპი – შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში იწყება კანდიდატების მოსმენა, რომელიც ტარდება საჯაროდ.

მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა ამ კანონით დადგენილი წესით კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.

საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვით მიმართონ თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს აფასებენ ქულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს- 364 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უყრის კენჭს უზენაესი კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ვინაობა ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი არც ამ ეტაპზე სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.

მეოთხე ეტაპი – კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ კანდიდატს ღია სხდომაზე ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი უფლებამოსილი არ არის, ხმა მისცეს მისი კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში წარდგენას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი კანდიდატის თაობაზე განსხვავებული აზრის შემთხვევაში, უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს. მათ აგრეთვე გადაეცემათ ინფორმაცია კანდიდატისთვის მინიჭებული ქულის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილმა მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს ცნობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული ცნობები მიღებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

მეხუთე ეტაპი – თუ საქართველოს პარლამენტში კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ვერ მოხდა, ვაკანსიის შესავსებად, 2 კვირის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ სიაში დარჩენილ პირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით, ფარულად უყრის კენჭს. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე დარჩენილი ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ამ კანდიდატთაგან წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ორ მესამედს მაინც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანონპროექტით დადგენილი წესით ვერ მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შევსება, 1 თვის ვადაში ხელახლა იწყება შერჩევის პროცედურა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

კანონპროექტის მიხედვით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს ასევე ემატება ახალი 342 მუხლი (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება), რომლის თანახმად:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შესაფასებლად, კანონპროექტით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით მოძიებას. ამ მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე, კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმაციას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ კანდიდატების შესაფასებლად. ინფორმაციის მოძიების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დავების და დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, აცნობოს კანდიდატს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს თითოეული კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ითვლებიან გაწვეულად.

გარდამავალი დებულება ასევე ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შესავსებად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების ვადას, რომლის თანახმად, კანდიდატის შერჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი