ახალი ამბები

სუსი ახალი ზელანდიის ტერაქტის იარაღზე ქართული წარწერების საკითხს სწავლობს

15 მარტი, 2019 • 2751
სუსი ახალი ზელანდიის ტერაქტის იარაღზე ქართული წარწერების საკითხს სწავლობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.

“უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის- ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

ფოტო: Daily Mail

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდართან კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი. დაკავებულებს უამრავი საბრძოლო და ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალქეა და ის მემარჯვენე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრი იყო.

თავად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. მომხდარის გამო ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეჩეთში მისვლისგან თავი შეიკავონ. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელებს სროლის პერიოდში, სავარაუდოდ, ლაივი ჰქონდათ ჩართული. The Guardian წერს, რომ თავდამსხმელების ობიექტი იყო ორი მეჩეთი – “ალ ნურისა” და ლინვუდის ისლამური ცენტრი. პირველში მოკლულია 30, ხოლო ისლამურ ცენტრში- 10 ადამიანი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასიდა არდენის თქმით, თავდასხმა წინასაწარ იყო დაგეგმილი და ახალი ზელანდია მისი მულტიკულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

ბრიტანული Daily Mail ავრცელებს პოლიციის მიერ დაკავებულებისთვის ამოღებული იარაღის ფოტოებს. იარაღის მჭიდებზე ქართულად დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია. ვაზნაზე ქართველი მეფის გარდა სხვა ისტორიული პირების სახელებიც წერია, როგორებიც არის ტრაფარგალის ბრძოოლის მონაწილე ადმირალი ედუარდ კოდრინგტონი და რუსი ადმირალი დმიტრი სევიანიმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი