ახალი ამბებიკომენტარი

ფობიების საფრთხეები – მალხაზ სონღულაშვილის სამძიმარი ახალზელანდიელ ხალხს

15 მარტი, 2019 • 2840
ფობიების საფრთხეები –  მალხაზ სონღულაშვილის სამძიმარი ახალზელანდიელ ხალხს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით:


“ის, რაც დღეს ახალი ზელადიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მოხდა, აუღელვებელს ვერ დატოვებს ვერც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს. ალ-ნურის მეჩეთში, როდესაც იმამი ქადაგებას წარმოთქვამდა და მრევლი მის სიტყვას ისმენდა, შეიჭრნენ შეიარაღებული რადიკალურად გაწყობილი ადამიანები და სასაკლაო მოაწყეს ღმერთის სახლში. დაკავებულია ოთხი მოძალადე, მათ შორის- ერთი ქალი. ჯერ ზუსტად დაუთვლელია, რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამ ისლამოფბიურ და ქსენოფობიურ თავდასხმას.

ქვეყნის პრემიერმა, ჯაკინტა არდერნმა მიმართა ახალზელანდიელ ხალხს და გამოაცხადა, რომ „ეს დღე იქნება ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე.“

რა მოხდა ზუსტად, რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენი დაშავდა, ვინ ემიგრანტი იყო მათ შორის და ვინ ლტოლვილი, ამას გამოძიება დაადგეს, მაგრამ ამ ამბავმა არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა საფრთხეებს უქმნის კაცობრიობას ის ფობიები, რომელსაც ამ პლანეტის მკვიდრები აღვივებენ გასხვავებული რელიგიის, ეთნოსის, რასის და სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

უფალმა ნათელში ამყოფოს დღეს უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანის სულები და ანუგეშოს მათი ახლობლები. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ახალზელანდიელი ხალხი სიძულვილის ყველანაირი გამოვლინებებისგან.

მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი