ახალი ამბები

“ვიმედოვნებ, ყველა ვიქნებით, ვინც ადრე იყო სათავეში”- მაღრაძე “დაიცავი საქართველოზე”

14 მარტი, 2019 • 1501
“ვიმედოვნებ, ყველა ვიქნებით, ვინც ადრე იყო სათავეში”- მაღრაძე “დაიცავი საქართველოზე”

პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ მოძრაობა “დაიცავი საქართველო” პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ გააქტიურდება. ამის შესახებ მან “რეაქციის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ის “ქართულ ოცნებას” ემიჯნება, სასამართლოში დღეს არსებული კრიზისია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა იმ ადამიანებისგან, მათ შორის, ძმები გაჩეჩილაძეებისგან მხარდაჭერას, ვინც ადრე მოძრაობის სათავეში იდგნენ, მაღრაძე პასუხობს, რომ ამის იმედი აქვს, თუმცა კონკრეტულ ვადებსა თუ დეტალებს ვერ აკონკრეტებს.

მაღრაძე, რომელიც მანამდე “ქართული ოცნების”  მხარდამჭერი იყო, თავის საუბარში განმარტავს, რომ ენმ-ის ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებული მოძრაობის გააქტიურების მიზეზი სამართლიანობის განცდის დაკარგვაა.

მისივე თქმით, ამ მოძრაობის მთელი განზრახვა სამართლიანობის მოთხოვნილება იყო და არსებობდა სამართლიანობის მოლოდინი, შესაბამისად, დაპირისპირება სამართლიანობასა და უსამართლობას შორის ლოგიკური იყო. თუმცა, როგორც მაღრაძე განმარტავს, “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი გააკეთა იმის სასარგებლოდ, რასაც თავად და მისი მხარდამჭერი უპირისპირდებოდნენ.

“როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის მერე ჩემთვის ამ დაპირისპირებამ შინაარსი დაკარგა, ვეღარც ამ დაპირისპირების შინაარსსა და საფუძველს, ვინაიდან სამართლიანობა ჩამოიქცა.

ადრე [ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს] აღმოსავლური ტიპის დესპოტის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები, ეს არ იყო შემთხვევითი ადამიანები, რომლებმაც ახლოს გაიარეს იმდროინდელ ხელისუფლებასთან და მიესალმნენ და დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენებდა უსამართლო სახელმწიფოს.

ზუსტად იმ სვეტზე აიღო ახალმა ხელისუფლებამ აქცენტი”, – ამბობს დავით მაღრაძე.

მისი განმარტებით, თუ რატომ დაიწყო სამართლიანობის ძებნა ამ ხელისუფლებამ ზემოხსენებულ მოსამართლეებში, მისთვის ლოგიკურად აუხსნელია.

“მათ ჩათვალეს, რომ სამართალი თვითონ არიან, აღარ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებ, მთავარია, მე ვაკეთებ – ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ. მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო. მე არ შემიძლია მათ ნაცვლად გამოვკვეთო ჩემი სათქმელი. ჩემში არსებული სამართლის განცდას ვერ მოუძებნია ის ფორმულირება, რატომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მნიშვნელოვანი”, – ამბობს მაღრაძე.

რაც შეეხება მხარდამჭერებს, მაღრაძე ამბობს, რომ მოძრაობაში ახალგაზრდების ჩართულობის იმედი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის მოძრაობის ძველი ლიდერების, მათ შორის, ლევან და გია გაჩეჩილაძეების, ეკა ბესელიასა და ა.შ. მხარდაჭერას, დავით მაღრაძე ამბობს, რომ ამის იმედი მაქვს.

“მათ იდენტური ემოცია აქვთ, რაც მე მაქვს. შეიძლება მათ სხვა ფორმები იპოვონ, მაგრამ იდეა, რომ “დაიცავი საქართველო” აღსადგენია, ყველას გვაქვს.

მე იმედი მაქვს, ყველანი ვიქნებით, ვინც ვიყავით სათავეებთან, თავისუფლებისთვის ღიაა კარი და ბევრ განსაცდელს შეიცავს. ამიტომ მე, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად ვიქნები. აპრილის თვეში კი პირველ დიდ შეკრებას გავაკეთებთ”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი