ახალი ამბები

ჩვენი მიზანია, საქართველო მუდმივად იყოს რუსეთ-დასავლეთის დღის წესრიგში – ზალკალიანი

14 მარტი, 2019 • 926
ჩვენი მიზანია, საქართველო მუდმივად იყოს რუსეთ-დასავლეთის დღის წესრიგში – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიაში არ წერია, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს წარმოდგენილი ხედვა, რომლის თანახმადაც, საქართველო აღარ უნდა იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორი დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთობებში.

“ეს არ წერია, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხეები, რომელმაც შეიძლება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საფრთხე შეუქმნას. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პოზიციები მათთან თანხვედრაში იყოს. ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს, რომ რუსეთი გავაღიზიანოთ და გავამწაროთ? ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველო იყოს მუდმივად დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთს შორის”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

“საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში”, – ეს არის ჩანაწერი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ რეზოლუციის პროექტში ჯერ კიდევ 2013 წელს წარმოადგინა და არაერთხელ გახდა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი