ახალი ამბები

ქუთაისში ოფიციანტებმა რესტორანი პროტესტის ნიშნად შუა სუფრაზე დატოვეს

14 მარტი, 2019 • 11480
ქუთაისში ოფიციანტებმა რესტორანი პროტესტის ნიშნად შუა სუფრაზე დატოვეს

ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის ექვსმა თანამშრომელმა შუა სუფრაზე პროტესტით დატოვა სამსახური. ყოფილი დასაქმებულები ნეტგაზეთთან საუბარში აღწერენ, მათი შეფასებით, შრომითი უფლებების უპატივცემულობას;

რესტორან “პალადიუმის” სერვის-მენეჯერმა და ხუთმა ოფიციანტმა სამსახური 2019 წლის 8 მარტს დატოვა — მაშინ, როდესაც რესტორანი 500-მდე სტუმარს ელოდებოდა. ამის მიზეზი, მათი განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, დამსაქმებლის მხრიდან დაპირებულ ანაზღაურებაზე ნაკლების გადახდა იყო. რესტორანი ამ საკითხზე არ საუბრობს.

“პალადიუმი” 2018 წლის 29 დეკემბერს გაიხსნა. როგორც დასაქმებულები გვიამბობენ, მათ თავიდანვე არ ჰქონდათ ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, ყოველდღიური ანაზღაურების სახით იღებდნენ იმ დღეს ნავაჭრი თანხის 5%-ს.

[yellow_box] “ვითხოვდით იმას, რაც გვეკუთვნის” [/yellow_box]

საკამათო გახდა არა ყოველდღიური ანაზღაურება, არამედ გასამრჯელო ქორწილში გაწეული სამუშაოსთვის. როგორც რესტრონის უკვე ყოფილი სერვის-მენეჯერი, ზურა ორმოცაძე ნეტგაზეთს ეუბნება, მათ ორ ქორწილში იმუშავეს — პირველისთვის საბაზრო ფასზე დაბალ ანაზღაურებას, მოჭრილ თანხას, 70 ლარს დათანხმდნენ, რადგან დამსაქმებელმა სთხოვა და “მხარში ამოუდგნენ”.

რესტორნის კიდევ ერთი ყოფილი დასაქმებული, გიო აბესაძე, რომელიც მიმტანებს ხელმძღვანელობდა, ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მეორე ქორწილისთვის, რომელიც 3 მარტს გაიმართა, ანაზღაურებისთვის დასაქმებულებმა საბაზრო ფასი მოითხოვეს — შემოსავლის 5%. “ჩვენ არ ვითხოვდით რაიმე განსხვავებულს, არც მეტს ვითხოვდით და არც ნაკლებს”, – ამბობს ორმოცაძე. მისი თქმით, ეს, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გამოდიოდა დაახლოებით 150 ლარი.

“დილის 11-დან ღამის 5-მდე რომ მუშაობ და რამდენიმე საათში ისევ გამოსასვლელი ხარ, რადგან ქორწილის მეორე დღის ორგანიზება ისევ შენზეა დამოკიდებული, ეს თანხა ეკუთვნით ადამიანებს”, – ამბობს სერვის-მენეჯერი.

აბესაძის თანახმად, დამსაქმებლისგან მიიღეს კიდეც თანხმობა ამ თანხაზე: “პირველი ქორწილის შემდეგ ვუთხარი, მეორე ქორწილზეც ასე თუ იქნა, არ მიღირს და შეგიძლია, სხვა მიმტანები იპოვო-მეთქი. მითხრეს, რომ როგორც მე მენდომებოდა, ისე იქნებოდა ყველაფერი”;

თუმცა, აბესაძის თანახმად, ქორწილის შემდეგ დამსაქმებელმა უთხრა, რომ მსგავსი პირობა მას არ მიუცია.

გარდა ამისა, გიო აბესაძის თქმით, იყო “ცრუ დაპირებები ადმინისტრაციის მხრიდან, მაგალითად, ინვენტართან დაკავშირებით”. ამასთან, პრობლემურად მიაჩნდათ ხელშეკრულებების არარსებობა და თანხის ხელზე აღება.

[red_box]“დასაქმებულები უნდა გაფრთხილდნენ”[/red_box]

8 მარტს თანამშრომლები ჩვეულებრივ, პირველი საათისთვის მივიდნენ რესტორანში და, როგორც აბესაძე გვიამბობს, მუშაობა დაიწყეს: “მაგიდები დავაწყვეთ, სკამები გადმოვიტანეთ, თეფშების ნაწილი დავალაგეთ”, 4-5 საათისთვის კი სამსახურიდან წამოვიდნენ. სტუმრების ნაწილმა თავად გაშალა სუფრა, რისი ამსახველი ფოტომასალაც ფეისბუკის გვერდის კომენტარებში გამოაქვეყნეს.

“ოთხი წლის განმავლობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და არ დავივიწყებ იმ შრომას, რასაც ამ პოზიციაზე ასრულებენ. მონებად არ უნდა აღიქვამდე ადამიანებს”, – ამბობს ყოფილი სერვის-მენეჯერი. მისი თქმით, ჯერ მან დატოვა სამსახური, შემდეგ კი, ერთ საათში გაიგო, რომ ოფიციანტებიც წავიდნენ.

“იმიტომ უნდა გამეკეთებინა ისე, რომ როდესაც ადამიანების უფლებები ირღვევა, მე ვერ ვუყურებ ასე მშვიდად”, — ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში რესტორნის ყოფილი ოფიციანტი, გიო აბესაძე. მისი თქმით, დასაქმებულები უნდა გაფთხილდნენ დამსაქმებელთან ურთიერთობისას:

“მასშტაბური სახე იმიტომ მივეცით, რომ ყველა გაფრთხილდეს ასეთ სიტუაციებში, რადგან, სავარაუდოდ, ყველა ობიექტზე ასე ხდება — შრომით უფლებებს არ სცემენ პატივს. ამ ფაქტის შემდეგ, იმედია, გაფრთხილდება ყველა”.

რას ამბობს “პალადიუმი”?

ნეტგაზეთი 14 მარტს დაუკავშირდა რესტორანს მითითებულ ნომერზე, სადაც მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ამ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს და მან რესტორნის ფეისბუკის გვერდთან გადაგვამისამართა.

ფეისბუკის გვერდი თავდაპირველად გამოეხმაურა ნეტგაზეთის რეპორტიორის შეტყობინებას, ასევე, ნახა მისი დასმული კითხვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ნეტგაზეთი რესტორნის პოზიციას მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი “პალადიუმმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუკზე, კომენტარებში დაწერა: “ყველა შეკითხვა, რაც დაისვა იმ დღეს და ვის წინაშეც ვალდებულნი ვიყავით, პასუხი გაეცა. … არ მიგვაჩნია არანაირად თავი ვალდებულად ფეისბუქ საზოგადოების წინაშე თავი ვიმართლოთ და პირდაპირ ომში ჩავერთოთ ყოფილ თანამშრომლებთან”.

მოგვიანებით ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხად რესტორნის ფეისბუკის გვერდმა კომენტარში დასაქმებულებზე საუბრისას ახსენა “კონკურენტი დამსაქმებელი”, თუმცა კონკრეტულად არავინ დაუსახელებია. ყოფილი სერვის-მენეჯერი უარყოფს მსგავს ბრალდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი