ზალკალიანმა არ უპასუხა კითხვას, მიაჩნია თუ არა საზიანოდ ზურაბიშვილის განცხადება

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მიმართა კითხვით, მიაჩნია თუ არა მას პოზიტიურ მოვლენად საქართველოში ნატო-ს ეგიდით წვრთნების ჩატარება.

ბოკერიამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის გარდა, იყვნენ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საზიანო განცხადებები გააკეთეს და ერთ-ერთი ასეთი განცხადება წაიკითხა:

“რატომ გვიხარია, ჩვენს ირგვლივ დაძაბულობა რომ მატულობს და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეში? ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა რას ემსახურება და რისი მომტანია, მე არ მესმის”.

დეპუტატი დაინტერესდა, თვლის თუ არა დავით ზალკალიანი, რომ ასეთი განცხადებები არის საზიანო და მავნებლური საქართველოს ინტერესებისთვის, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ “არ იცის, ეს რა განცხადებაა”.

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს წვრთნები არის ხელის შემშლელი ფაქტორი. ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით ეს არის თანმდევი პროცესი”, – განაცხადა ზალკალიანმა.

“ბატონო მინისტრო, იცით, ვისი განცხადება წაგიკითხეთ? – პრეზიდენტ ზურაბიშვილის. მიგაჩნიათ ეს საზიანოდ?”, – მიმართა ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

“არ ვიცი, ეს თქვენ წაიკითხეთ. უნდა გავეცნო”, – აღნიშნა საპასუხოდ დავით ზალკალიანმა.

სხდომის თანათავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მიიჩნია, რომ გიგა ბოკერია კითხვა-პასუხის შეთანხმებულ სტანდარტს არღვევს.

“პასუხით კი არ შევწუხდით, კითხვებით შევწუხდით. არღვევთ სტანდარტს”, – მიმართა ხულორდავამ გიგა ბოკერიას.

კომენტარი, რომლიდანაც ამონარიდი ბოკერიამ კომიტეტის სხდომაზე წაიკითხა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე 2017 წლის 31 ივლისს გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი