რატომ არაა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არცერთი რუსი ოფიცერი? – ბოკერია ზალკალიანს

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჰკითხა, თუ რატომ არ მოხვდა ამ დრომდე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არცერთი რუსეთის ოფიცერი და მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს აფარებდნენ სასტიკ მკვლელობებს, რაზეც დავით ზალკალიანისგან პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო.

“თქვენ ალბათ იზიარებთ ევროპული საქართველოს პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაცია არის მთლიანად პასუხისმგებელი პოლიტიკურად, როგორც საოკუპაციო ძალა, იქ არსებულ ვითარებაზე. ხომ სწორად მესმის თქვენი პოზიცია? და თქვენ იზიარებთ ჩვენს პოზიციას, რომ პოლიტიკური ფასის გაზრდა რუსეთის ფედერაციისთვის და რუსეთიდან ყველა იმ პირისთვის, ვინც ხელს აფარებდა ამ სასტიკ მკვლელობებს, მაგალითად, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობებს, ნებისმიერ სხვა ძალადობას, არის ერთ-ერთი ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი? მეთანხმებით ამაში, ბატონო მინისტრო? – მადლობა, ვიღებ თქვენს თანხმობას. მაშინ მითხარით, რატომ არ არის რუსეთის არცერთი ოფიცერი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დღემდე შეყვანილი საქართველოს მთავრობის მიერ?” – ჰკითხა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ტრაგიკული სიკვდილი კატეგორიულად აღმაშფოთებელი ფაქტია. მისი თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ცოცხალი დოკუმენტია და რა კონკრეტული ფაქტებიც დაფიქსირდა, ყველაზეა აღძრული საქმე.

იხილეთ ვიდეო:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.