სომხეთმა კონკურენტული არჩევნები ჩაატარა – აშშ-ის ანგარიში

პოლიციის მხრიდან ძალადობის მაღალი დონე “ხავერდოვანი რევოლუციის” დღეებში, ყოფილი ხელისუფლების წევრთა მიმართ მრავალრიცხოვანი სამართლებრივი საქმეები და რეალურად კონკურენტული არჩევნები, – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც სომხეთის შესახებ ადამიანის უფლებებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა.

სომხეთის შესახებ ანგარიშის დიდი ნაწილი 2018 წლის გაზაფხულის მოვლენებს შეეხება, როდესაც ქვეყანაში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა. ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ძალადობის იმ შემთხვევებზე, რომლებიც რევოლუციის დღეებში დაკავებული დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ხორციელდებოდა – აქ საუბარია ძალადობის სასტიკ ფორმებზე, რომლებსაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეთა დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებებში იყენებდნენ.

ანგარიშში საუბარია ასევე,რევოლუციის დღეებში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე.

რაც შეეხება უკვე რევოლუციის შემდგომ პერიოდს, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სომხეთის ახალი ხელისუფლების ბრძოლაზე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ დაწყებულ მრავალრიცხოვან სისხლის სამართლის საქმეებსა და მათ დასჯაში.

“თუმცა ახალი ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს კანონდარღვევათა გამოძიებისა და დასჯის მიმართულებით, განსაკუთრებით, მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიმართ და სამართალდამცავ სისტემაში”.

“სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე დაიწყო ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებზე. მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, მიკაელ არუტუნიანზე, მის მოადგილზე ,იური ხაჩატუროვზე, პრეზიდენტის ამდინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელზე, არმენ გევორქიანზე და ყოფილ პრეზიდენტზე, რობერტ ქოჩარიანზე”.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები 2008 წლის საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე დაკითხეს

გარდა ამისა, საუბარია ყოფილი ჩინოვნიკებისა და მათი ნათესავების წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებებით დაწყებული საქმეების შესახებ.

“ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიებები სისტემური კორუფციის წინააღმდეგ”.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა ასევე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც კონკურენტულ არჩევნებად არის შეფასებული.

“2018 წლის 9 დეკემბერს ქვეყანაში პირველი, რეალურად კონკურენტული არჩევნები გაიმართა”.

“ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით” – დამკვირვებლები სომხეთის არჩევნებზე

ანგარიში პოლიტიპატიმრების თემასაც ეხება – “ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთში არ არიან პოლიტპატიმრები. ეს მოხდა იმ პირების გათავისუფლების შემდეგ, რომელთაც უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ”.

დოკუმენტში საუბარია ასევე სექსუალური უმცირესობების უფლებათა დარღვევების საკითხებზეც ახალი ხელისუფლების პირობებში. ამ მხრივ ყურადღება გამახვილებულია საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომელიც შესაბამისად ვერ იცავს თემის წევრებს. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტებიც, რომელიც თემის წევრთა მიმართ ძალადობასა და პოლიციის უმოქმედობას ასახავს.

მაღალი ფასები ინტერნეტზე, ზეწოლა შავი ზღვის უნივერსიტეტზე — აშშ-ის ანგარიში

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი