ახალი ამბები

ბევრი გარემოებაა, რატომ გაიწელა პროცესი დროში – ზალკალიანი აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობაზე

14 მარტი, 2019 • 896
ბევრი გარემოებაა, რატომ გაიწელა პროცესი დროში – ზალკალიანი აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას დროში აჭიანურებს, თუმცა ამ მიმართლებით პერსპექტივა არსებობს.

როგორც ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ორი ძირითადი მიმართულება, რომელზეც საქართველო აშშ-თან ურთიერთობაში ყურადღებას გაამახვილებს, თავდაცვა/უსაფრთხოება და თავისუფალი ვაჭრობა იქნება.

“ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა უკვე გაწეულია. მოგეხსენებათ, რომ არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მემორანდუმი, რომლიც 2017 წელს გაფორმდა, მაგრამ დინამიკა ჩვენი ურთიერთობებისა არის ძალიან ინტენსიური, მაღალი, ამიტომ ყველაფერი მოითხოვს ახალ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად და სწორედ ეს მიმართულება იქნება პრიორიტეტული და ესეც ასახული არის სტრატეგიაში, ისევე როგორც თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ საქმიანობას ვახორციელებთ, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს – ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველაფრის დეკლარირება ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. ბევრი ობიექტური და სუბიექტური გარემოება არსებობს იმისა, თუ რატომ არის ეს პროცესი დროში ასე გაწელილი”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ პროცესებს, რომელიც თვითონ აშშ-ის შიგნით ვითარდება.

“შიდა პოლიტიკური გარემოს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ და არის შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაჩნდეს მნიშვნელოვანი პერსპექტივები”, – დასძინა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ, სადაც დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშები წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი