ახალი ამბები

NGO-ები: შემაშფოთებელია, რომ დანელია საქართველოს მოქალაქეობას ეთნოსთან აკავშირებს

14 მარტი, 2019 • 1046
NGO-ები: შემაშფოთებელია, რომ დანელია საქართველოს მოქალაქეობას ეთნოსთან აკავშირებს

პლატფორმა „არა-ფობიას” და მასში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

კერძოდ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლება მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან:

“კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ეთნონაციონალური მოტივებით არის ნაკარნახევი და, ამავდროულად, ეწინააღმდეგება თანამედროვე დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომელიც არ ადგენს პრივილიგირებულ, იერარქიულ დამოკიდებულებას უცხო ქვეყნისა და ამავე ქვეყნის მოქალაქეებს შორის.

მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში განხორციელებული ცვლილებისა (საკუთრების უფლების სუბიექტებთან დაკავშირებით), მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სახელმწიფოებს აქვთ ისეთივე ვალდებულება, უზრუნველყონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა მათ ტერიტორიაზე, როგორც საკუთარი მოქალაქეების მიერ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც მეტწილად პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებთან არის დაკავშირებული)” ,- წერია “არა-ფობიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციების განცხადებით,  ის, რომ სახელმწიფოს აქვს ყველა ადამიანის უფლების აღიარებისა და დაცვის ვალდებულება (განურჩევლად მოქალაქეობისა), კარგად ჩანს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელშიც მითითებულია: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”:

“საქართველოს კონსტიტუცია არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების აღიარებით, კონსტიტუციის დაცვის ობიექტს ყოველი ადამიანი წარმოადგენს“- აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეობის ფაქტს აკავშირებს კონკრეტულ ეთნოსს – ქართველობას, რითაც ფაქტობრივად დემონსტრირებას ახდენს საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი იმ სტეროტიპისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქეებად მხოლოდ ეთნიკური ქართველები განიხილებიან” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს კანონპროექტების ინიციატორებს და საქართველოს პარლამენტს, იხელმძღვანელონ კონსტიტუციური პრინციპებით და არ დაუშვან იმგვარ კანონთა მიღება, რომელიც ზღუდავს კონკრეტულ პირთა ჯგუფის უფლებებს, მაშინ როდესაც არ არსებობს აღნიშნული შეზღუდვის გამართლების საფუძვლები.

კოალიცია აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ტოლერნტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მასალების გადაბეჭდვის წესი