ახალი ამბები

16 წლის ეკოაქტივისტი ნობელის პრემიაზეა ნომინირებული

14 მარტი, 2019 • 2472
16 წლის ეკოაქტივისტი ნობელის პრემიაზეა ნომინირებული

გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, მშვიდობის  დარგში ნობელის პრემიაზეა ნომინირებული. ამის შესახებ The Guardian წერს. 

ტუნბერგი სკოლის მოსწავლეა. აგვისტოს თვიდან შვედეთის პარლამენტთან ის მარტო აპროტესტებდა კლიმატის ცვლილებას  და მაღალჩინოსნებს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებდა. გრეტა ამბობდა, რომ აქციების ჩასატარებლად მას სკოლის გაცდენა უწევდა.

გრეტა შვედეთის მთავრობისგან ითხოვს, რომ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.

გრეტას სოლო აქიცების შედეგია მათ შორის ისიც, რომ პარასკევს 105 ქვეყნის 1659 ქალაქის ქუჩებში აქტივისტები იმავე მოთხოვნით აქციებს გამართავენ. გარდა ამისა, 16 წლის აქტივისტმა ახალგაზრდული მოძრაობაც ჩამოაყალიბა, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.

16 წლის მოსწავლემ უკვე მოასწრო გაეროსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა. “მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,” – თქვა მაშინ გრეტამ.

ნომინაციას აქტივისტი უკვე გამოეხმაურა ტვიტერზე, სადაც მან დაწერა, რომ ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

გრეტა ნობელის პრემიაზე ნორვეგიელმა დეპუტატმა ფრედი ანდრე ოვთეგორდმა წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი