ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზურაბიშვილმა სომხეთში უკმაყოფილება გამოხატა ყარაბაღის დელეგაციის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების გამო

14 მარტი, 2019 • 2541
ზურაბიშვილმა სომხეთში უკმაყოფილება გამოხატა ყარაბაღის დელეგაციის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების გამო

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების [პარლამენტის] თავმჯდომარესთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს სამწუხარო უწოდა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციების ვიზიტებს სოხუმსა და ცხინვალში.

“ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია.
ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს.

როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან განიხილა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი როგორც რეგიონულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციები სტეპანაკერტში, სოხუმსა და ცხინვალში პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს და თანამშრომლობის სხვადასხვა ტიპის შეთანხმებას აფორმებენ.

მინისტრი ყარაბაღიდან ცხინვალს სტუმრობს

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი