ახალი ამბები

ეს არის NGO-ებისა და ოპოზიციის შეფასებების კომპილაცია – ზალკალიანი აშშ-ის ანგარიშზე

14 მარტი, 2019 • 1320
ეს არის NGO-ებისა და ოპოზიციის შეფასებების კომპილაცია – ზალკალიანი აშშ-ის ანგარიშზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში წარმოადგენს არა აშშ-ის შესაფასებას საქართველოსადმი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მიღებული შეფასებების კომპილაციას.

“ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია. გულდასმით გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ანგარიში, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეები; ასევე, საუბარია სასამართლოზე ზეწოლაზე, პლურალიზმის შემცირებაზე, ელიტურ კორუფციაზე და სხვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიმოიხილავს 2018 წლის მდგომარეობას მსოფლიოში.  ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ანგარიში მოამზადა საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების, უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, იურისტების და სამართლის ექსპერტების, ჟურნალისტების ინფორმაციებზე  და გამოქვეყნებულ ანგარიშებზე დაყრდნობით. თითოეული ქვეყნის თავდაპირველი სამუშაო ვერსია შესაბამის ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში მომზადდა. ანგარიშმა დასრულებული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის ბიუროს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით, დარედაქტირდა.

ამავე თემაზე:

მაღალი ფასები ინტერნეტზე, ზეწოლა შავი ზღვის უნივერსიტეტზე — აშშ-ის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი