ახალი ამბები

“მიმართვა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს” – OMEGA-ს განცხადება

14 მარტი, 2019 • 1027
“მიმართვა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს” – OMEGA-ს განცხადება

“ომეგა ჯგუფი” 1 500 თანამშრომლის სახელით განცხადებას ავრცელებს. “მიმართვა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს,” – “ომეგა” ამ მიმართვის მთავარ ადრესატად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. “ომეგა ჯგუფი” იმედოვნებს, რომ მის მიერ შეთავაზებული ვალის გადახდის გრაფიკი ხელისუფლებისთვის მისაღები იქნება.

ნეტგაზეთი “ომეგა ჯგუფის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიმართვა ბიძინა ივანიშვილს – საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს

მოგმართავთ „ომეგა ჯგუფის“ მშრომელი ხალხის, 1500 თანამშრომლის სახელით, ბოლო პერიოდში განვითარებული მდგომარეობის გამო.

ბატონო ბიძინა, ჩვენთვის, უბრალო მშრომელი ხალხისთვის, კარგად გასაგებია მიზეზი ომეგას ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა, პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის, გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში და, ამავე დროს, არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა.

ჩვენ, უბრალო მშრომელი ხალხი ვმუშაობთ „ომეგა ჯგუფში“ თითქმის 30 წელია. გვეამაყება, რომ ჩვენი შრომის შედეგად ბიუჯეტში „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა 1.5 მილიარდზე მეტი ლარი და, ამავე დროს, ჩვენი შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას. მაგალითისთვის, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით, შევიტანეთ 6 მლნ ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში დააკარგვინა სახელმწიფო ბიუჯეტს 12 მლნ ლარი.

ჩვენ, „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოს კონტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას, ჩვენს ფაბრიკაში და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენი ოჯახებისთვის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და არ შევიქმნებით მსხვერპლი მთავრობის უკანონო შურისძიების. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად , რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით.

მაგალითად, წინა მთავრობის დროს, 2004 წელს, „ომეგამ“ მიიღო რესტრუქტურიზაცია, 5 წლის განმავლობაში წარმატებით გაისტუმრა და, ამავე დროს, იგივე მთავრობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში 700 მლნ. ლარზე მეტი შეიტანა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს არსებული ვალდებულება, მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის საქართველოში, „ომეგა ჯგუფი“ კი ასევე იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის უფლებების და თავისუფლების საუკეთესო მაგალითი”, – წერია განცხადებაში.



ფინანსთა სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანია “ოჯთ”-ს, ძირითადად, თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დავალიანების სახით  51 მლნ ლარი ეკისრებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ დავალიანება რამდენჯერმე განაწილდა, თუმცა კომპანიამ შეთანხმების პირობები დაარღვია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვდა. კომპანიის თქმითვე, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია”, რომელიც “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაშია, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია.

როგორც ლევან აღდგომელაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რესტრუქტურიზაციაზე მოთხოვნა ჯერ ისევ არ დაუკმაყოფილებიათ.

ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათ აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

“ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა. საქმეში ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები.

“იბერიამ” 2018 წელს შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა.

“ომეგამ” ვალის ნაწილი დაფარა, თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

მასალების გადაბეჭდვის წესი