მაღალი ფასები ინტერნეტზე, ზეწოლა შავი ზღვის უნივერსიტეტზე — აშშ-ის ანგარიში

მაღალი ფასები ინტერნეტზე, ზეწოლა ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ სასწავლებლებზე, — ეს ნაწილია იმ სხვადასხვა საკითხისა, რაც საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშშია შესული.

სახელმწიფო დეპარტამენტის (აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ქვეყნისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს ასრულებს) ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხი კრიტიკულადაა შეფასებული, მათ შორის მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეები; ასევე, ზეწოლა სასამართლოზე, პლურალიზმის შემცირება, ელიტური კორუფცია და ა.შ.

ქვემოთ გთავაზობთ საკითხებს, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებებისა და პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობის სექციებშია შესული.

ინტერნეტის თავისუფლება

დეპარტამენტი წერს, რომ, მართალია, ხელისუფლებას 2018 წლის განმავლობაში არ შეუზღუდავს ინტერნეტზე წვდომა, მაგრამ შეშფოთების საბაბს იძლეოდა არაავტორიზებული ფარული მოსმენები. ამ საკითხზე 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს არასამთავრობოები აკრიტიკებდნენ საგამოძიები სტრუქტურებისთვის მომხმარებლის ინფორმაციაზე გადამეტებული წვდომის შესაძლებლობის გამო.

ანგარიშის შემდეგი პუნქტი ეყრდნობა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU-ს) მონაცემებს, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის თითქმის ⅔ იყენებს ინტერნეტს; ინტერნეტზე წვდომის შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელებულია “ინტერნეტის მაღალი ფასები და არაადეკვატური ინფრასტრუქტურა”, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასოფლო დასახლებებში ცხოვრობენ, ან დაბალი შემოსავლები აქვთ.

აკადემიური თავისუფლება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებდნენ შეშფოთების გამოხატვას იმ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებსაც თურქეთის მთავრობა აკავშირებს ფეტულა გიულენთან. გიულენს კი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, 2016 წლის გადატრიალბის მცდელობის მოწყობაში სდებენ ბრალს. აქვე ნახსენებია შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება და მუსტაფა ჩაბუქის დაკავება [საბოლოოდ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუგრძელდა, ჩაბუქი კი გაათავისუფლეს].

“ბასიანის” პროტესტი და გზის გადაკეტა ინაუგურაციის დღეს

მშვიდობიანი შეკრების უფლების ნაწილში აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რაზეც არასამთავრობოები მიუთითებდნენ. ხელისუფლების პოზიციით, მათ გამოყოფილი ჰქონდათ გარკვეული სივრცე დემონსტრაციისთვის, თუმცა აქციის მონაწილეები მის გამოყენებაზე უარს ამბობდნენ.

ანგარიშში ასევე შესულია დავით კირკიტაძის დაკავება, რომელსაც იგი და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ასევე, ველისციხეში “ქართული ოცნების” ორი აქტივისტის დაკავება.

2018 წლის მაისში რამდენიმე დემონსტრაცია ჩატარდა თბილისში, მათ შორის ღამის კლუბებში, “გალერისა” და “ბასიანის” რეიდებზე პასუხად. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს ლგბტი ორგანიზაციებმა სავარაუდო საფრთხის გათვალისწინებით ვერ მოახერხეს ამ დღის აღნიშვნა. სახალხო დამცველის თანახმად, ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობა, იქნება ეს ოჯახსა თუ საჯარო სივრცეში, სერიოზული პრობლემა იყო, სახელმწიფო კი ვერ ახერხებს ამ გამოწვევასთან გამკლავებას.

არჩევნებისა და პოლიტიკური თანამონაწილეობის სექციაში სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა ეუთოს ანგარიშებს, რომლის თანახმადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები “კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული იყო”, თუმცა იყო მითითებები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებაზე, უთანასწორო ბრძოლაზე და საარჩევნო ადმინისტრაციაში არაპარტიული წევრების არჩევის პროცესში არასაკმარის გამჭვირვალობაზე.

[ნახეთ ასევე: ბუნდოვანი ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის — ეუთო ვალების ჩამოწერაზე]

კორუფცია და გაუმჭვირვალობა მთავრობაში

ანგარიშის თანახმად, მართალია, კორუფციისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება და ხელისუფლებას მიღებული აქვს კანონი, რომელიც ეფექტურად ებრძვის კორუფციას “დაბალ დონეზე”, თუმცა ე.წ ელიტური კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორებად არასამთავრობოები ასახელებენ კონტროლისა და ბალანსის სუსტ სიტემასა და დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის არარსებობას. არასამთავრობოების შეფასებით, არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურებსა და დამოუკიდებელ რეგულატორულ ორგანოებში კორუფციის პრევენციის ეფექტური მექანიზმები. ამასთან, თანამდებობის პირთა დეკლარაციები არ გადამოწმებულა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანახმად კი, 2018 წლის ნოემბერში პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ქონება ჰქონდა.

ეროვნული/რასობრივი/ეთნიკური უმცირესობები

ამ ნაწილში სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უმცირესობების თემების წინააღმდეგ დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდათ დაფიქსირებული.

ანგარიშის თანახმად, შსს-მ ხუთი ადამიანი დააკავა დანაშაულისთვის, რომელიც ეროვნული, რასობრივი ან ეთნიკური ნიშნით იყო ჩადენილი.

აღნიშნულია უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე, — იგი სექტემბერში მოკლეს თბილისის ერთ-ერთი ბარის მახლობლად. არასამთავრობოების თანახმად, მკვლელობაში ნეონაცისტური ჯგუფის წევრები იყვნენ გარეული.

ანგარიშის თანახმად, ქართული ენის სუსტად ფლობა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად რჩება პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ და კულტურულ დაბრკოლებებთან ერთად. “ზოგიერთი უმცირესობის ჯგუფის თანახმად, კანონი, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის “ოფიციალური ენის ადეკვატურად ფლობას” ითხოვს, ხელს უშლით მათ ხელისუფლებაში მონაწილეობაზე. სახალხო დამცველის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების [არასრულყოფილი] ჩართულობა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცეში პრობლემად დარჩა.

ანგარიშში ასევე შესულია გალში ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com