ახალი ამბები

მეთოფიშვილი აშშ-ის კრიტიკული ანგარიშის გამო NGO-ებს აკრიტიკებს

14 მარტი, 2019 • 1417
მეთოფიშვილი აშშ-ის კრიტიკული ანგარიშის გამო NGO-ებს აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს და მათ ჭორების შეგროვებასა და ყალბი ანგარიშების მომზადებაში ადანაშაულებს:

“ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებს და სხვა პოლიტიზებული NGO-ების, მე მათ პოლიტიზებულ NGO-ებს ვეძახი. გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ფანტაზიები მისი და მისი ჭორები. მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი.

ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს, იმიტომ, რომ პოლიტიზებულია, უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამაშია საქმე.  ეს არის ჭორების შეგროვება, კვლევა ამას არ ჰქვია, ეს არის Fake ანგარიშები, ვგულისხმობ NGO-ებს, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვრებიან “, – თქვა სერგო მეთოფიშვილმა “რუსთავი 2″-თან.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა. მეთოფიშვილის მსგავსად, მიქაუტაძეც ადანაშაულებს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

“პირდაპირ არის დასკვნაში ის წყარო მითითებული, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს. ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასაგები არის უკვე,  რომ სასამართლო სისტემის მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ.

ელექტრონული განაწილების სისტემაა მითითებული და მასში არსებული ხარვეზები, და ეს თემა განხილული გვაქვს არაერთხელ და არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ განაწილების პროგრამაში ჩარევის რაიმე ფაქტი არსებობს, არ არის წარმოდგენილი და ვერც იქნება, რადგან ასეთი ფაქტი არ არის “, – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ვრცლად, რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წაიკითხეთ:

სასამართლოზე ზეწოლა და “მოსამართლეთა კლანი” სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი