ახალი ამბები

სასამართლოზე ზეწოლა და “მოსამართლეთა კლანი” სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

14 მარტი, 2019 • 2328
სასამართლოზე ზეწოლა და “მოსამართლეთა კლანი” სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, არსებობს ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევაზე. მოსამართლეები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისადმი მოწყვლადები როგორც სასამართლო სისტემის გარეთ, ისე – შიგნით”, – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სიტუაციას.

ანგარიში 13 მარტს გამოქვეყნდა. დოკუმენტში კრიტიკულად არის შეფასებული არა მხოლოდ ზოგადი სიტუაცია, არამედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მოულოდნელი გადადგომა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. ანგარიშში ნახსენებია ტერმინი “კლანი” მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის აღსაწერად.

სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა კოალიციას “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის”, რომელიც წუხილს გამოთქვამს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

“წლის განმავლობაში ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ პრობლემებზე, მათ შორის, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებაზე, რომლებმაც დაიკავეს თანამდებობები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში, რამაც, როგორც ამბობენ, კრიტიკული აზრი განდევნა სასამართლო სისტემიდან, ასევე, შეაფერხა წინადადებები, რომელიც მიმართული იყო სისტემის დამოუკიდებლობისაკენ”, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი. გარდა ამისა, პრობლემებს შორის დასახელებულია სასამართლოში საქმეთა განაწილებით მანიპულირება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებების გაუმჭვირვალობა, ასევე, მათ მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს ხელმძღვანელთა დანიშვნა.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს სამოქალაქო სექტორის წუხილზე ნინო გვენეტაძის მოულოდნელად გადადგომასთან დაკავშირებით. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან.

დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის პოსტზე 10 “კონტროვერსიული” მოსამართლის წარდგენა.

“სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და მმართველი პარტიის ზოგი წევრი წარდგენილ კანდიდატებს ადანაშაულებდნენ, რომ კანდიდატები იყვნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება კლანს უწოდებს, წევრები, ან მათთან აფილირებულები”, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი. დოკუმენტში მიმოხილულია აღნიშნული პროცესი, ასევე, ნახსენებია ლევან მურუსიძე. დეპარტამენტის მიხედვით, მას “ადანაშაულებდნენ კორუფციაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი