HBO-მ ჩერნობილის აფეთქებაზე სერიალი გადაიღო [ვიდეო]

HBO-მ  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში 1986 წელს მომხდარ კატასტროფაზე 5-ეპიზოდიანი სერიალი გადაიღო. სერიალი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას აღწერს  ეკრანებზე 6 მაისს გამოვა.

ახალ სატელევიზიო დრამაში მთავარ როლებს ემილი უოტსონი, ჯარედ ჰარისი და სტელან სკარსგარდი შეასრულებენ.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა, რამაც აფეთქება გამოწივია. აფეთქების შედეგად სადგურის რეაქტორი მთლიანად განადგურდა, ახლომდებარე ტერიტორია კი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდა. აფეთქებამ ადგილზე სადგურის 2 თანამშრომელი მოკლა, თუმცა, შემდგომ  რადიაციამ კიდევ 28 ადამიანი იმსხვერპლა.

მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქ პრიპიატიდან, რომელიც ჩერნობილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, თუმცა რადიაციული დასხივების გამო ბევრ მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, კიბო განუვითარდა. 1995 წელს, უკვე დამოუკიდებელმა უკრაინამ თქვა, რომ კატასტროფასთან დაკავშირებული მიზეზების გამო 125 000 ადამიანი გარდაიცვალა.

აფეთქებიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში რადიოაქტიურმა ღრუბელმა ბელორუსამდე, რუსეთამდე, სკადინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნებამდეც მიაღწია.

ამავე თემაზე

ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ [ფოტო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან