ახალი ამბები

2008 წელს NATO-მ პუტინს უბიძგა, რაც მოესურვება, ის აკეთოს – ელიოტ ენჯელი

14 მარტი, 2019 • 1295
2008 წელს NATO-მ პუტინს უბიძგა, რაც მოესურვება, ის აკეთოს – ელიოტ ენჯელი

13 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა მოსმენა, სახელწოდებით “ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი”.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის WestExec Advisors-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი მიშელ ფლოურნი, Belfer-ის ცენტრის, ევროპისა და ტრანსატლანტური ურთიერთობის თაობაზე პროექტის უფროსი მკვლევარი, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი დუგლას ლუტი, გერმანიის მარშალის ფონდის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი დერეკ ჩოლე; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე იან ბრჟესინკი.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატო-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლბაზე. როგორც მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და რუსეთისაგან მომდინარე აგრესიული ქმედებებისაგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ მაიკლ მაქკოლმა მის შესავალ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკითხზე.

“მომდებნო 70 წლის განმავლობაში კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვიქნებით. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღმავლობის გზაზე მყოფი რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევები და საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კონფლიქტები. ნათელია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტატუსის ხელახლა დაბრუნება. ერთიანობითა და ძლიერებით ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევის დაძლევა”, – განაცხადა მაქკოლმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენჯელი ფიქრობს, რომ 2008 წელს ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილება არ მიიღო.

“ვფიქრობ, მან პუტინს მისცა იდეა, რომ მას შეუძლია გააკეთოს, რაც მოესურვება და ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა ზონებში”, – განაცხადა ელიოოტ ენჯელმა.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებისა და ნატო-ში ახალი წევრების გაწევრიანებისადმი ალიანსის ვალდებულების მნიშვნელობას.

ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ იან ბრჟესინკიმ განაცხადა, რომ საჭიროა, ნატო-მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები.

“საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა. მოსკოვის შეჭრით უკრაინასა და საქართველოში ჩვენ მკაფიო გაკვეთილი მივიღეთ. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე ნატო-ს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და მადესტაბილიზირებელი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში”, – განაცხადა ბრჟესინსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები ალბათობა იყო, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებდა აგრესიას.

„ეს ქვეყნები მიისწრაფვიან ნატო-ში გაწევრიანებისაკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს, ეს იქნება ბალკანეთსა, თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან”, – განაცადა მან.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა გაიხსენა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან ერთი კვირის შემდეგ თბილისში მისი ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად, რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან იმ დროს გაკეთებული ზოგიერთი ძლიერი სახის განცხადება. მან ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის არსებობის საჭიროებას და თქვა, რომ დროა, შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ამ საკითხში მეტი კონკრეტულობის შეტანით – თუ როგორ მოხდება მათი ნატო-ში გაწევრიანება.

კონგრესმენმა კინზინგერმა კი ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში.

კონგრესმენი ანნა ვაგნერის განცხადებით, რუსეთი აწარმოებს არაკონვენციურ, ჰიბრიდული სახის ომს, რათა ძირი გამოუთხაროს დასავლეთს.

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ესტონეთზე და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებზე, ასევე, რუსეთის მიერ შექმნილი „გაყინული“ კონფლიქტების ზონა მოლდოვაში, უკრაიანასა და საქართველოში.

კონგრესმენმა ტედ იოჰომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი), ხაზი გაუსვა ნატო-ს არსებობის მნიშვნელობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მისი განმარტებით, პუტინმა მარტივად შეძლო საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. იგი კვლავაც გააგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მანამდე, სანამ დასავლეთი მტკიცედ წინ არ აღუდგება მის აგრესიულ მისწრაფებებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართლი მოსმენის შესახებ ინფორმაციას მოსმენის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი