ახალი ამბები

ყველაზე დიდი ხარვეზი Facebook-ის ისტორიაში

14 მარტი, 2019 • 1653
ყველაზე დიდი ხარვეზი Facebook-ის ისტორიაში

Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნიკური შეფერხება განიცადა. პრობლემის მასშტაბების შესახებ BBC იუწყება.

ოთხშაბათს, 13 მარტს,  სოციალური ქსელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი იყო. პრობლემა შეექმნა როგორც თავად Facebook-ს, ისე მის სხვა აპლიკაციებს.

ხარვეზი საკმაოდ ფართო იყო: Facebook-ის მომხმარებლებს არ შეეძლოთ პოსტების განთავსება და გაზიარება თავიანთ გვერდებზე, ასევე, კომენტარების დაწერა. Instagram-ის მომხმარებლები კი თავიანთ გვერდებს ვერ ანახლებდნენ. Messanger-ის შემთხვევაში, ადამიანებს მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა დიდწილად შეეძლოთ, თუმცა პრობლემა სურათებისა და ხმოვანი შეტყობინებების შემთხვევაში შეიქმნა. ასეთივე პრობლემები ჰქონდა Whatsapp-საც.

Facebook-ის ხარვეზის მასშტაბები. DownDetector-ის რუკა

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხარვეზის მიზეზი. კომპანიამ გუშინ მცირე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა:

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ადამიანებს უჭირთ დაკავშირება Facebook-ის აპლიკაციებთან. ვმუშაობთ, რათა მოვაგვაროთ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე”.

გავრცელებული ჭორების საპასუხოდ, კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ტექნიკური პრობლემა კიბერშეტევას არ უკავშირდება.

ტექნიკურ ხარვეზს მომხმარებელთა რეაქცია მალევე მოჰყვა, ძირითადად, Twitter-ის პლატფორმაზე. BBC-ის ცნობით, ჰაშთაგები – #FacebookDown და #InstagramDown ადამიანებმა 150 000-ჯერ გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი