ახალი ამბები

შემაშფოთებელია ინფორმაცია კვარაცხელიასადმი არასათანადო მოპყრობაზე – ომბუდსმენი

14 მარტი, 2019 • 1080
შემაშფოთებელია ინფორმაცია კვარაცხელიასადმი არასათანადო მოპყრობაზე – ომბუდსმენი

 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველის თქმით, შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია  გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ე.წ. “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით დაკავება არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, რასაც ხშირად აქვს ადგილი და წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას საოკუპაციო ძალების მხრიდან.

“აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2019 წლის 12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება გალის რაიონში 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი